მათი უმეტესობა სკოლის მოსწავლე და სტუდენტია. ათასობით მოხალისე სახლების მესაკუთრეებსა და მაშველებს გაწმენდითი სამუშაოების შესრულებაში ეხმარება. ფუნქციები განაწილებულია. ვოლონტიორების ნაწილი უშუალოდ გაწმენდით სამუშაოებშია ჩართული, ტალახი და სახლებიდან გადასაყრელი ნივთები გამოაქვს, ნაწილი კვებაზე და სასმელი წყლის ჩამორიგებაზეა პასუხისმგებელი. ზოგი პირბადეებს არიგებს და ხელის ან ფეხის გაკაწვრის შემთხვევაში გადახვევას სთავაზობს.
“ძალიან გვეხმარებიან ბაშვები, სიტყვით ვერ აღვწერ ამ მადლიერებას”, – ამბობს სვანიძის ქუჩაზე მცხოვრები ნინო დგებუაძე.
მისი სახლი სხვა დანარჩენი სახლებივით 13 ივნისის წყალდიდობამ წყლით აავსო. ნივთები ვერ გადაარჩინა.
“ღმერთს იმაზეც მადლობა, რომ ოჯახის ყველა წევრი ცოცხალი დარჩა. წამებში ხდებოდა ყველაფერი. მუხლებადე იდგა წყალი, როცა გაქცევა მოვახერხეთ”.
ნინო სხვებივით სასტუმროში ცხოვრობს. რა ბედი ეწევა მის წყალდიდობით დაზიანებულ სახლს, ჯერ არ იცის.
“პრემიერმა კი თქვა, რომ ზოგს ახალ ავუშენებთ, ზოგს შევარემონტებთო. ამას რა უზამენ, არ ვიცი, კედლები სულ დაიბზარა, ავარიულია. ცოტა მეშინია კიდეც ცხოვრების აქ გაგრძელება. არავინ იცის, კიდევ რას უნდა მოველოდოთ”.
იგივეს ამბობენ სვანიძის ქუჩის მაცხოვრებლები – “ჯერ არაფერი ვიცით, რას უზამენ ამ სახლებს, ფაქტია, არსებულ მდგომარეობაში საცხოვრებლად არ ივარგებს”.
“ყველას მაქსიმალურად დაგეხმარებით, არც ერთი არ დარჩებით სახლების გარეშე, – ამ სიტყვებით მიმaრთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცეპრემიერ კახა კალაძის განცხადებით, მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას სვანიძის ქუჩის უსახლკაროდ დარჩენილ მცხოვრებლებზე, სანამ მათ სახლები არ ექნებათ.
ენერგეტიკის მინისტრი სვანიძის ქუჩაზე
მოხალისეები სვანიძის ქუჩაზე;
მოხალისეები სვანიძის ქუჩაზე;
ერთ-ერთი სახლიდან გამოტანილი მაცივარი