ახალი ამბები

„ბაკურიანში წინა წელთან შედარებით ნაკლებია საცობების პრობლემა“ – გუბერნატორი

6 იანვარი, 2020 • 1273
„ბაკურიანში წინა წელთან შედარებით ნაკლებია საცობების პრობლემა“ – გუბერნატორი

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემაზე საუბრის პარალელურად, ყურადღებას ამახვილებს ტურისტული სეზონის დაწყების მზაობაზე:

მისი თქმით, „წყალთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ სასტუმროების 10-15%-ს შეექმნა“.

გარდა ამისა, გუბერნატორის თქმით, „ბაკურიანში წინა წელთან შედარებით ნაკლებია საცობების პრობლემაც“ და „არ არსებობს ასევე დასუფთავების, გაზიფიცირებისა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფის პრობლემა“.

,,ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რომ დაბა ბაკურიანის დამსვენებლებს შეექმნათ სათანადო პირობები და კომფორტი. რაც შეეხება ბოლო დღეებში წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომელიც სასტუმროების დაახლოებით 10-15 %-ს შეექმნა: ბაკურიანის ძირითად ნაწილს წყალი მიეწოდება, მაგრამ რამდენიმე სასტუმროს, რომლებიც განთავსებულია ჩვენი ცენტრალური ავზიდან მაღლა, შეექმნა პრობლემა. კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში ეს პრობლემა გადაიჭრას“.

„ამ დროისთვის დამსვენებლების რაოდენობა საკმაოდ დიდია და ის გაზრდილია წინა წლებთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სასრიალო ტრასები არ გახსნილა. უახლოეს დღეებში ველოდებით თოვლს, ყველაფერს ვაკეთებთ და მზად ვართ, რომ ვუმასპინძლოთ დამსვენებლებს“, – აცხადებს ამირანაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი