შსს არ პასუხობს კითხვას, იძალადა თუ არა პოლიციამ მოქალქეზე მარნეულში

მარნეულში, სოფელ შულავერში პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “მთავარი” მამაკაცის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს. “მთავარის” ინფორმაციით მეჰდი ხალილოვს პოლიცია სახლში გვიან ღამით შეუვარდა, სცემა და შემდეგ დააკავა.

ოჯახი პოლიციას ტერორსა და დევნაში ადანაშაულებს. შსს ინფორმაციით მამაკაცის დაკავების მიზეზი მეზობლის ავტომობილის ქურდობის მცდელობა გახდა, თუმცა ოჯახი ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ხალილოვმა მანქანის ტარება საერთოდ არ იცის.

“მთავარის” ინფორმაციით ოჯახი, რომლის ერთადერთ მარჩენალზე პოლიციამ სავარაუდოდ იძალადა, სოციალურად დაუცველია, ხალილოვის მეუღლე, ლეილა ფარაჯოვა კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა:

“ღამით პოლიციის სამი თანამშრომელი შემოვარდა და მძინარე კაცს თავს დაესხნენ ჩვენი მცირეწლოვანი ბავშვი კი ამ ყველაფერს ხედავდა, მე კი ლოგინს მიჯაჭვული ვერ ავდექი ფეხზე რომ მეშველა ჩემი მეუღლისთვის. თან ბავშვის თვალწინ თავში ფეხებს ურტყამდნენ. ცემით წაიყვანეს, მერე გამოუშვეს, თუმცა რამდენიმე დღის წინ სასამართლო პროცესზე დააკავეს”, – ამბობს დაკავებულის მეუღლე.

ფარაჯოვას თქმით ოჯახმა, რომლის ავტომანქანის გატაცების მცდელობასაც პოლიცია ხალილოვს ედავება, საჩივარი გამოიტანა და უარყო, რომ დაკავებლმა მათი მანქანის მოპარვა სცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ მეჰდი ხალილოვის დაკავების ფაქტს, თუმცა მის ცემასთან დაკავშრებით ოფიციალურ კომენტარს არ იძლევიან. შსს-ს წარმოამდგენლის ინფორმაციით აღნიშნულ საკითხი სახელმწიფო ინსპექტორის კომპეტენციაა. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მათი განმარტებით დეტალების გარკვევას ამ თემასთან დაკავშირებით ხვალ, 6 იანვარს შეეცდებიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი