“ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენლები. დღეს ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და სწავლობენ ვითარებას, რის შემდეგაც განხორციელდება შესაბამისი სამუშაოები”- წერია კრიზისების საბჭოს განცხადებაში.
აქვე წერია, რომ თბილისის სხვადასხვა უბნებში განთავსებული სტიქიით დაზარალებულები უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, საჭირო მედიკამენტებითა და ექიმის უფასო კონსულტაციით, მცირეწლოვან ბავშვებს მიეწოდებათ სპეციალიზებული საკვები.
“გამგეობებში გრძელდება ტანსაცმლის, ჰიგიენის საშუალებების და სხვა საჭირო ნივთების შეგროვება დაზარალებულთათვის. პროცესი მიმდინარეობს ორგანიზებულად”.
ოფიციალური ინფორმაციითვე, სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღწერა და შესწავლა, რაც უახლოეს ხანში უნდა დასრულდეს.
“საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობით აღდგენას ექვემდებარებიან, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება”.
დილიდან თბილისსა და მის შემოგარენში ყველა დაზიანებულ უბანზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა.
13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა 15 ადამიანს შეადგენს, ხოლო 7 პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.