ახალი ამბები

“ფეხდაფეხ დადევნებული” ვერე და სტიქიის პირისპირ დარჩენილი სვანიძის ქუჩის მცხოვრებლები

16 ივნისი, 2015 •
“ფეხდაფეხ დადევნებული” ვერე და სტიქიის პირისპირ დარჩენილი სვანიძის ქუჩის მცხოვრებლები

ხათუნა ზუმბულიძემ  დღეს, 15 ივნისს პირველად შეძლო თავის სახლში შესვლა, მას შემდეგ, რაც მოხალისეების დახმარებით ვერეს მიერ მოტანილი და ეზოში ერთი მეტრის სიმაღლეზე დაგროვილი ლაფი გამოიტანა.

13 ივნისის სტიქიის დროს მისი სახლის პირველი სართული მთლიანად, მეორე სართული კი მუხლებამდე დაფარა. იგი იხსენებს, რომ ღამის 12 საათისთვის გაიგონეს, როგორ ითხოვდა ვერეს ნაპირას მყოფი ადამიანი შველას.

ეს ის მანქანაა, რომელიც ხათუნა ზუმბულიძის თქმით, მეზობლის სახლის სახურავზე ტივტივებდა 13 ივნისს. 15.06.2015
ეს ის მანქანაა, რომელიც ხათუნა ზუმბულიძის თქმით, მეზობლის სახლის სახურავზე ტივტივებდა 13 ივნისს. 15.06.2015

დასახმარებლად მისი ქმარი გავიდა, ხათუნა სახლში დარჩა და ფანჯრიდან უყურებდა, როგორ გამოყავდა თავის მეუღლეს ბიჭი ადიდებული მდინარიდან და “ფეხდაფეხ მოსდევდა წყალი”. ამ დროს ელექტროენერგია უკვე გათიშული იყო.

“15 წუთში გაივსო. 00:30-დან 00:45 წუთამდე წყალი უკვე სახლის სახურავებს წვდებოდა”, – იხსენებს ხათუნა ზუმბულიძე.

ხათუნა ამბობს, რომ მდინარემ ხეობიდან მანქანები ამოიტანა. ერთ-ერთი მათგანი კი მეზობლის სახურავის შვერილს მოჭიდებოდა და ტივტივბდა. თავად მისი მანქანა, რომელიც ქუჩაში იდგა, წყალმა წაიღო.

სხვა გზა რომ არ დარჩენოდათ, მან და მისშა შვილებმა სახლი ისე დატოვეს, რომ ტალავერის რკინებზე გადაიარეს და ზემოთ მდგომი სახლის გავლით მთაზე ავიდნენ, საიდნაც თავის მულთან მივიდა ღამის გასათევად, იხსნებს სათუნა ზუმბულიძე.

14 ივნისის, გამთენიის 6 საათზე სახლში დაბრუნებულს წყალი უკვე დაკლებული დახვდა. მისი სახლის კართან ექვსი მანქანა იყო მოგროვებული, სახლი კი ლაფით იყო სავსე. ამჟამად მას არ აქვს დენი და გაზი, რომლის მილი ჯერ ვერ იპოვეს.

 

სვანიძის ქუჩის მცხოვრებ ხათუნა ზუმბულიძეს მოხალისეები ეხმარებიან მდინარე ვერეს ადიდების შემდეგ. 15.06.2015
სვანიძის ქუჩის მცხოვრებ ხათუნა ზუმბულიძეს მოხალისეები ეხმარებიან მდინარე ვერეს ადიდების შემდეგ. 15.06.2015

ხათუნა ზუმბულიძე ამბობს, რომ სახლში რჩება, რადგან საცხოვრებლად ვარგისია. მოხალისეები მას ტალახით დასვრილი წურჭლის წმენდასა და კედლებიდან ნანიაღვრალის ჩამოწმენდაში ეხმარებიან.

მანქანა, რომელიც ხათუნა ზუმბულიძემ მეზობლის სახურავზე მოტივტივე დაინახა, მეორე მეზობლის, ემა ოგანეზოვას ეზოდან ამწეთი დღეს გამოიტანეს. ემა ოგანეზოვა ამ სცენას ქუჩიდან აკვირდებოდა. მას მოსახლისეების დახმარება არ სჭირდება, რაგდან გადასარჩენი არაფერი აქვს.

როგორც თავად გვიყვება, მისი სახლი მთლიანად ტალახითაა გავსებული და ავარიულ მდგომარეობაშია. მდინარის ადიდებამ სახლს საფუძველი მოუშალა. ახლა თავის ოჯახთან: შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად სასტუმროს ნომერში ცხოვრობს და არ იცის რა იქნება მომავალში.

“არაფერი არაა, როგორ შევიდე, შვილო? დაკეტილია. ტალახი და წყალი, არაფერი არ დარჩა. კედლებია, ყველაფერი დანგრეული, მონგრეული”, – ამბობს ემა ოგანეზოვა.

ემა 13 ივნისს მეზობლების ხმაურმა გააღვიძა, სახლში შემოვარდნილმა წყალმა კი საშიშროება ამცნო და მეზობლების დახმარებით გამოვიდა სახლიდან იმავე მთის გავლით, რომლითაც ხათუნა ზუმბულიძემ დატბორილ ქუჩას თავი გაარიდა.

სვანიძის ქუჩა მდინარე ვერეს ადიდების შემდეგ. 15.06.2015
სვანიძის ქუჩა მდინარე ვერეს ადიდების შემდეგ. 15.06.2015

ეკა ჯანაშიასაც მეზობლების ხმაური შემოესმა. გარეთ გამოსულმა მის საცხოვრებელ კორპუსამდე მოსული წყალი და მეზობლები დაინახა, რომელთა ნაწილი შველას ითხოვდა, ნაწილი კი ეხმარებოდა.

ეკა ჯანაშია ამბობს, რომ მეზობლები რომ არ დახმარებოდნენ ერთმანეთს, დაღუპულთა რაოდენობა ბევრად მეტი იქნებოდა, რადგან მაშველები 2 საათის დაგვიანებით მივიდნენ და მისვლის შემდეგაც არაორგანიზებულად მოქმედებდნენ.

ეკა თქმით,  მისმა მეზობლებმა ეგიზაროვებმა ვერ მოასწრეს გამოსვლა, რადგან წყალი ძალიან სწრაფად შევიდა სახლში, ბავშვები გარეთ გამოიყვანეს, თუმცა მაცივარმა გზა ჩაუხერგა და ორივე და დაიღუპა.

მეორე მეზობელმა ქალმა თავისი სამი შვილი და მოხუცი მამა გააღვიძა, თუმცა გამოსვლა ვერ მოასწრო და მხოლოდ ის მოახერხა, რომ სახლის სახურავზე ასულიყვნენ. ორი საათის შემდეგ მაშველებმა გამოიყვანეს. 

“ვერ ვნახულობდით ერთმანეთს, სიბნელე იყო, ანუ შეფასება გვიჭირდა რა ხდებოდა, წყალს ყველანი ვხედავდით, მაგრამ ადამიანები მორბოდნენ და წყალი მოსდევდა. სადღაც 10 წუთი ჰქონდათ, რომ დროზე გადაერჩინათ თავი”, – ამბობს ეკა ჯანაშია.

ნაზი მაისაია ეკა ჯანაშიას აღწერილ ამბებს არ შესწრებია. იგი 13 ივნისს სახლში არ ყოფილა და გუშინ ნახა დისშვილის მიერ ფეისბუქზე გაზიარებული ფოტო, რომელზეც მისი დატბორილი სახლის ტალახისგან დასვრილი კედელია გამოსახული.

 

“გავხდი მეორეჯერ ლტოლვილი, არც მანქანა მაქვს და არც სახლი. გამოვიტანე ტანსაცმელი, რომ იქნებ რომელიმე მთელი იყოს”, – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ნაზი მაისაია.

ეს იმ ნივთების უმეტესობაა, რაც ნაზი მაისაიამ დატბორილი სახლიდან გამოიტანა. 15.06.2015
ეს იმ ნივთების უმეტესობაა, რაც ნაზი მაისაიამ დატბორილი სახლიდან გამოიტანა. 15.06.2015

მისი სახლი ახლა ავარიულია, შესვლას არ ურჩევენ, თუმცა მაინც შედის, რომ გადარჩენილი ნივთები გამოიტანოს. დროებით ათევს ღამეს სასტუმროში და დახმარებას მთავრობისგან ელის.

ნესტან ვარდიაშვილის სახლი მისმა ბებიამ და ბაბუამ 60 წლის წინ ააშენეს, დღეს კი ფაქტიურად დანგრეულია. მდინარე ვერეს ნაპირებთან ახლოს მდებარე სახლი ადიდებულმა მდინარემ 13 ივნისს მთლიანად დაფარა.

მამამისმა, დამ და სამმა დისშვილმა ვერეს ადიდების დროს მხოლდ ის მოახერხეს, რომ სახლის სახურავზე ასულიყვნენ. ორსაათიანი ლოდინის შემდეგ, როცა წყლის დონემ დაიკლო, გამოვიდა სამშვიდობოს.

დღეს ნესტანს სახლიდან სხვა მეზობლების მსგავსად ის ნივთები გამოაქვს, რომლებიც მისთვის გამოსადეგია.

სვანიძის ქუჩა მდინარე ვერეს ადიდების შემდეგ. 15.06.2015
სვანიძის ქუჩა მდინარე ვერეს ადიდების შემდეგ. 15.06.2015

“ამ ზარალს, არ ვიცი, რა აღწერს. აქ ცხოვრობდა ბაბუაჩემი, ბებიაჩემი, მამაჩემი. ამ წლების განმავლობაში თუკი რამე ყოფილა… ნახატებიდან დაწყებული, ჭურჭელზე და ანტიკვარზე აღარ ვლაპარაკობ, ეს არის აღუდგენელი დანაკარგი’, – ამბობს ნესტანი.

იგი მოხალისეების მუშაობით მადლიერია, თუმცა არ მოსწონს გამგეობის ორგანიზება, რადგან არასრულწლოვნებსაც შეუძლიათ მოხალისეობა და ავარიულ სახლებში შედიან ისე, რომ არ აქვთ კასკები და უსაფრთხოების ზომები დარღვეულია.

ნესტან ვარდიაშვილი ამბობს, რომ მდინარე ვერე ბევრჯერ ადიდებულა, თუმცა სახელმწიფოს არ აქვს მექანიზმი, რომლითაც მოსახლეობის უსაფრთხოებას დაიცავს.

სვანიძის ქუჩა მდინარე ვერეს ადიდების შემდეგ. 15.06.2015
სვანიძის ქუჩა მდინარე ვერეს ადიდების შემდეგ. 15.06.2015

უკანასკნელი ცნობებით, 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 7 დაკარგულად მიიჩნევა.

დაიტბორა თბილისის ზოოპარკიც, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ნაწილი კი დააძინეს.

მთავრობის ცნობით, ზარალი 40 მილიონ ლარს აღემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი