ნეტგაზეთი | განათლების მინისტრმა ივანიშვილი თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა განათლების მინისტრმა ივანიშვილი თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა – Netgazeti
RU | GE  

განათლების მინისტრმა ივანიშვილი თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა

“როდესაც წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, მაშინ ბატონი ბიძინა ახარებდა ვაზს, უფასოდ არიგებდა ნერგებს და მომავალ თაობებს უნარჩუნებდა მემკვიდრეობას”, – ეს განცხადება განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გააკეთა დღეს ანზორ ერქომაიშვილის სამტომეულის პრეზენტაციაზე, რომელსაც ივანიშვილიც ესწრებოდა.

წიგნი, რომელიც ქართულ კულტურას ეხება, “ქართუ ფონდის” მხარდაჭერით გამოიცა.

“ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის საუნჯეს და უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია ჩვენი დიდი ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი, ასეთი ადამიანია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ საშვილიშვილო და პატრიოტული საქმეების გარანტად დგას.

პოლიფონიური ნიმუშების შეგრვებაზე გამახსენდა ერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ისტორია, რომელიც დაკავშირებულია საგურამოში ჯიღაურას უნიკლაური მეურნეობასთან. იქ ივანიშვილმა და ქართუ ფონდმა გადაარჩინეს ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები. ვაზსა და პოლიფონიას შორის ჰარმონიული კავშირი არსებობს. რამდენიმე ძირი იყო შემორჩენილი ამ ჯიშების და ბატონი ბიძინას ძალისხმევით მომავალ თაობას შეუნარჩუნდა ეს მემკვიდრეობა.

[ივანიშვილი დარბაზიდან მიმართავს ჩხენკელს] აი, ეს უნდა მეთქვა, დიახ, ბატონო ბიძინა რომ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, მაშინ ბატონი ბიძინა ახარებდა ვაზს, უფასოდ არიგებდა ნერგებს და მომავალ თაობებს უნარჩუნებდა მემკვიდრეობას”, – აღნიშნა მინისტრმა.

“დიდი მადლობა ბატონ ბიძინას და ყველა ადამიანს, რომელიც ასე ღირსეულად აგრძელებს დიდი ექვთიმე თაყაიშვილის საშვილიშვილო საქმეს”, – განაცხადა მან.


მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში, ფონდმა ,,ქართუმ“ და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრმა (ხელმღვანელი ანზორ ერქომაიშვილი) ეროვნული კულტურის შესახებ მეცნიერული ნაშრომის პრეზენტაცია გამართეს.

„საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ – უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემაა, რომელიც წარმოადგენს კვლევას ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. საგულისხმოა, რომ ნაშრომის მესამე ტომი აერთიანებს 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერების, საგალობლების, საკრავიერი მუსიკის და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუშს.

წიგნის შექმნის იდეა ამერიკული საგამომცემლო სახლის „NOVA SCIENCE”-ის პრეზიდენტს ფრენკ კოლუმბუსს და მისი მეუღლეს, ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს ეკუთვნით. მათ 2010 წელს ამ იდეის განხორციელება სთხოვეს ეთნომუსიკოსს და ლოტბარს ანზორ ერქომაიშვილს და გამოცემის ხარჯი თავად უზრუნველყვეს.

პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილმა. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ფინანსურად უზრუნველყო პროექტის მომზადება, რაც გულისხმობდა საძიებო სამუშაოების შესრულებას, ფოტო, ვიზუალური, აუდიო და ვიდეო მასალის აღდგენა-გასუფთავებას, ორიგინალური მასალების დამზადებას, ნაშრომების შექმნას, რედაქტირებას, ინგლისურ ენაზე თარგმნას და სხვა”, – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ამერიკული საგამომცემლო სახლის „NOVA SCIENCE”-ის წარმომადგენელი ნადია გოცირიძე-კოლუმბუსი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საგანმანათლებლო წრეებისა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.

განახლება 29.12.19 – სათაურს დაემატა: თანამედროვეობის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com