ახალი ამბები

აშშ-ის საელჩოს განცხადება გაფრინდაშვილის გამოშვებაზე

28 დეკემბერი, 2019 • 1539
აშშ-ის საელჩოს განცხადება გაფრინდაშვილის გამოშვებაზე

აშშ-ის საელჩო საქართველოში ეხმაურება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას და აცხადებს, რომ ყველასთვის უნდა აღდგეს გადაადგილების თავისუფლება.

„მივესალმებით სიახლეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ. ვუერთდებით ყველა ქართველსა და საერთაშორისო საზოგადოებას და მოხარულები ვართ, რომ ის ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდება“, – წერს საელჩო.

„ჩვენ ისევ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ გახსნას ყველა გამშვები პუნქტი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და მოვუწოდებთ, გადაადგილების საშუალება მისცენ ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, აღდგეს ჰუმანიტარული წვდომა“, – წერია საელჩოს განცხადებაში.

განცხადების თანახმადვე, აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერას.

ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის საპატიმრო 28 დეკემბრის დილას დატოვა და ცოტა ხანში თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდა.

„დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის… გმადლობთ, კარგად ვარ… უდიდეს მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვერდით მედგა, მაგრამ განსაკუთრებით ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ნება მომეცით, ცოტა დავისვენო და მერე ყველას ყველანაირ ინფორმაციას მოგაწვდით“, – თქვა მან.

ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 27 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალების თაობაზე.

რუსმა სამხედროებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. 20 დეკემბერს მას ცხინვალის სასამართლომ ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა საზღვრის კვეთის ბრალდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი