ახალი ამბები

გაფრინდაშვილი ოჯახთან ერთად – ფოტოები გათავისუფლების შემდეგ

28 დეკემბერი, 2019 • 3439
გაფრინდაშვილი ოჯახთან ერთად – ფოტოები გათავისუფლების შემდეგ

28 დეკემბერს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის ციხიდან გამოუშვეს, რის შემდეგაც ის თბილისის კონტროლირებად ტერიტორიას დაუბრუნდა.

გორის პოლიციაში გადაყვანის შემდეგ, გაფრინდაშვილი შეხვდა საკუთარ ოჯახს, ცოტა ხანში კი მათთან ერთად გაემგზავრა თბილისში, საკუთარ სახლში.

„დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის… გმადლობთ, კარგად ვარ… უდიდეს მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვერდით მედგა, მაგრამ განსაკუთრებით ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ნება მომეცით, ცოტა დავისვენო და მერე ყველას ყველანაირ ინფორმაციას მოგაწვდით“, – თქვა მან.

„სამწუხაროდ ინფორმაცია ნაკლები მქონდა, მაგრამ მე რასაც ვუყურე, ასე გაერთიანებულად ყველამ საქართველოს საქმე ვაკეთოთ“, – განაცხადა მან.

ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის საპატიმრო 28 დეკემბრის დილას დატოვა. ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 27 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალების თაობაზე.

რუსმა სამხედროებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. 20 დეკემბერს მას ცხინვალის სასამართლომ ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა საზღვრის კვეთის ბრალდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი