„გუშინ, დილის ხუთ საათზე გვქონდა პირველი თათბირი, როცა შევქმენით საგანგებო შტაბი. ის მოსახლეობა, ვინც სერიოზული ზიანი მიიღო, მთავრობა მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს მათ ოჯახებს. ჩვენ დროებით ეს ოჯახები გადაგვყავს სასტუმროებში, ვაპირებთ, რომ დავუქირავოთ ბინები მანამ, სანამ არ მოგვარდება მათი სახლის პრობლემები და ამის შემდეგ დაბრუნდებიან ისინი საკუთარ საცხოვრებელ სახლებში. მთავრობა არის მობილიზებული, მერიის სამსახურები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა ძალიან მალე დაივიწყონ ეს ტრაგედია.
ჩვენი ვარაუდით დაახლოებით 40-45 მილიონ ლარზეა საუბარი. დღეს 10 მილიონი ლარის ოდენობით თანხა გამოვუყავით თბილისის მერიას, რომ დაფინანსდეს პირველი ეტაპის სამუშაოები. გვაქვს იმედი, რომ ფინანსთა სამინისტრო სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებიდან მოიძიებს დახმარებას. გვაქვს უპრეცედენტო სოლიდარობა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებიდან. უამრავი ზარი შემოდის ჩემს ტელეფონზე, ზოგადად საგარეო საქმეთა სამინისტროში. მე მინდა მადლობა ვუთხრა მათ. აქედან ჩანს, როგორი მხარდაჭერა აქვს საქართველოს,“- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეძლებს პრობლემების აღმოფხვრას. „ყველა სამსახური მობილიზებულია, მაქსიმუმს ვაკეთებთ. რამდენი დღე და თვე დაჭირდება, ალბათ უფრო ხვალ გვეცოდინება“.
პრემიერი სტიქიის შესაძლო მიზეზებზე საუბრისას ამბობსმ რომ არ სურს წინა მთავრობას დააბრალოს მომხდარი.
„მე პირადად ამ ორი წლის განმავლობაში რაც გავარკვიე და ჩემი თვალით ვნახე, როცა რეგიონებში ჩავდივარ, ვესაუბრები მოსახლეობას და ერთი და იგივე სახის პრობლემები აწუხებს მოსახლეობას. ეს არის გზები, წყალი, შუქი, გაზი. ნაპირსამაგრი სამუშაოები, მდინარეების კალაპოტები არის სერიოზულად მისახედი.
მე არ მინდა წინა მთავრობას დავაბრალო მომხდარი, მაგრამ ობიექტური რეალობა მოითხოვს იმას, რომ აღინიშნოს განსხვავება მიდგომებში. რა მიდგომები გვაქვს ჩვენ, რა მიდგომები აქვთ მათ. თუმცა მე აბსოლუტურად არათუ ვფიქრობ, ვიზიარებ იმ მოსაზრებას რომ ეს არის აუცილებელი გასატარებელი ღონისძიებები. ეს არის ნაპირსამაგრი სამშაოების ჩატარება, მდინარის კალაპოტების მოწესრიგება და ა.შ. რაც შეეხება თვითონ ექსპერტების და სპეციალისტების შეფასებას, რომლებიც ამბობენ, რომ შესაძლოა იყოს წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტის ბრალი.
დღეს ერთი საათის წინ მოვისმინე ინფორმაცია, ერთ-ერთი ექსპერტი საუბრობდა სწორედ ამ პრობლემაზე. მე მინდა ციტირება მოვიყვანო. მისი შეფასებით, შესაძლოა ადიდებულმა ვერემ მთლიანად ჩაიტანოს გმირთა მოედანი მტკვარში. ჩვენ გუშინ რაც ვიხილეთ რეალურად, ეს არის განადგურებული ზოოპარკი, დაკარგული სიცოხლეები. ეს ადამიანი საუბრობს იმ პორექტზე, რომელიც განხორციელდა ვერეს ხეობაში. თუმცა მე არ ვარ სპეციალისტი, მირჩევნია ექსპერტებს ვკითხო აზრი. მაგრამ მე უბრალოდ მაგალითისთვის მოვიყვანე ეს ფაქტი. ეს ადამიანი ჯერ კიდევ სამი წლის წინ საუბრობდა მოსალოდნელ შედეგზე. ჩვენდა საუბედუროდ ეს შედეგი ყველამ ერთად ვიხილეთ. საჭიროა უფრო ღრმა ანალიზის გაკეთება. მე გუშინვე დავავალე შესაბამის ჯგუფს, რომ დაიწყოს სასწრაფოდ მუშაობა, გამომწვევ მიზეზებზე დავიწყოთ მუშაობა, რამ განაპირობა ეს ყველაფერი და ამის შემდეგ დავგეგმოთ შესაბამისი ღონისძიებები. თუ მანამდე რაღაც არ იყო გაკეთებული ისე, როგორც უნდა გაკეთებულიყო, ახლა ჩვენ ვართ ვალდებული, რომ გამოვასწოროთ. ასე რომ, ეს არის დღეს ჩვენი ვალდებულება, თუ რაიმე იყო გაფუჭებული, დღეს ჩვენ უნდა გამოვასწოროთ,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“ -ის პირდაპირ ეთერში.