ახალი ამბები

შეიცავს თუ არა საფრთხეს საარჩევნო წელს არაბიომეტრიული ID ბარათების დაშვება

27 დეკემბერი, 2019 • 4145
შეიცავს თუ არა საფრთხეს საარჩევნო წელს არაბიომეტრიული ID ბარათების დაშვება

საკონსტიტუციო სასამართლომ დროებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, განაცხადა, რომ სახელმწიფომ მოქალაქეებს უნდა შესთავაზოს არაელექტრონული პირადობის მოწმობები, რომლებსაც არ ექნება ჩიპი. შექმნის თუ არა ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაყალბების რისკს?

მოქალაქეთა ნაწილი უკვე წლებია ითხოვს არაელექტრონული პირადობის მოწმობის დაშვებას, რასაც ხელისუფლება რამდენიმე არგუმენტით ეწინააღმდეგება, მათ შორისაა არჩევნების გაუყალბებლობის საკითხი.

“მე არ ვიცი, რა შეიძლება გააკეთოს იუსტიციის სამინისტრომ, რომ დაარწმუნოს ეს ადამიანები, რომლებიც ქაღალდის პირადობის მოწმობას ფლობენ, რომ თქვენი პიროვნება, ვინაობა არის ადვილად გასაყალბებელი… შეიძლება, ისე გადაფორმდეს-გადმოფორმდეს თქვენი ქონება, ვერც კი გაიგოთ. ასევე, თუკი არაკეთილსინდისიერი ხელისუფლება იქნება სათავეში, არსებობს რისკი, რომ ვინმემ საარჩევნო უფლება წაგართვათ”, – ამ განცხადებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიმდინარე წლის მარტში საქართველოს პარლამენტში იმ 400 ათას ადამიანს მიმართა, რომლებსაც ქაღალდის პირადობის მოწმობები აქვთ, და ბიომეტრიული ID ბარათების აღებისკენ მოუწოდა.

პირადობის ელექტრონული მოწმობა საქართველოში 2011 წლის პირველი აგვისტოდან გაიცემა. დოკუმენტზე მოთავსებულია ელექტრონული მატარებელი, რომელიც შეიცავს მოწმობაზე ვიზუალურად დატანილი მონაცემების ელექტრონულ ასლს. მოწმობის ელექტრონული მატარებელი ასევე აღჭურვილია ონლაინ ავთენტიფიკაციისა და ციფრული ხელმოწერის საშუალებებით, რომელთა გამოყენებაც მოწმობის მფლობელს სურვილისამებრ შეუძლია. პირადობის ელექტრონული მოწმობა შესრულებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ დადგენილი წესების შესაბამისად და მისი გამოყენება შესაძლებელია არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ სამგზავრო დოკუმენტის ფუნქციებით ქვეყნის გარეთაც.

მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, ელექტრონული მატარებლის (“ჩიპის”) შემცველ პირადობის მოწმობებში და ბიომეტრიულ პასპორტებში ანტიქრისტიანულ სიმბოლოთა გამოყენება და ასეთი მოწმობით სარგებლობაზე უარის თქმა არ გამომდინარეობს მართლმადიდებელი სწავლებიდან, მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფს სწამს, რომ “ჩიპის” შემცველი დოკუმენტები ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას”.

2019 წლის 26 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო ნანა სეფაშვილისა და ია რეხვიაშვილის კონსტიტუციური სარჩელი პარლამენტისა და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, რომელიც შეეხება პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს, რომელიც არ იძლევა აღნიშნული დოკუმენტების არაელექტრონული სახით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) გარეშე მიღების შესაძლებლობას. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, პირები, რომლებიც რელიგიური შეხედულებების გამო უარს ამბობენ პირადობის მოწმობის მიღებაზე, შეზღუდული აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, სამედიცინო მომსახურების მიღების, დასაქმების, განათლების, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის, რიგი სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის, ნებისმიერი მნიშვნელოვანი გარიგების დადების, საბანკო-საფინანსო დაწესებულებებთან ურთიერთობის შესაძლებლობა და ა.შ. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც გამორიცხავს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას პირებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღებაზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას იუსტიციის მინისტრმა კავშირი გაავლო არჩევნების სანდოობასა და ბიომეტრიულ დოკუმენტებს შორის.

“ელექტრონული პირადობის მოწმობა არის პიროვნების დამადასტურებელი ის დოკუმენტი, რომელზეც გადის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და სწორი განვითარება. დემოკრატიულ და სწორ განვითარებაში, სხვა ბევრს შორის, ასევე იგულისხმება სანდოობის პირობებში ჩატარებული არჩევნები. გაისად საარჩევნო წელია. ამიტომ ის ბიომეტრიული ფოტოებით შემდგარი საარჩევნო სია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2014 წელს შემოიტანა, არის სანდო, რადგან ჩვენს ქვეყანაში არსებობს ელექტრონული პირადობის მოწმობა და მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს ერთ დღეს ეჭვქვეშ დადგება”, – თქვა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, დღესდღეობით სამ მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე და სრულწლოვანი პირი ფლობს გაუყალბებელ ელექტრონულ პირადობის მოწმობას. თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ “მომავალ არჩევნებს ბიომეტრიული ფოტოებით შემდგარ საარჩევნო სიის საფუძველზე და ელექტრონული პირადობის მეშვეობით ჩავატარებთ”.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არჩევნების კონტექსტში საფრთხის შემცველად მიიჩნევს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. დეპუტატ რომან გოცირიძის თქმით, “უჩიპო პირადობის მოწმობა და პასპორტი არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი ხერხიცაა, რადგან ადვილია მათი ბეჭდვა”.

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაში “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) კი ამბობენ, რომ მართალია, ქაღალდის პირადობის დოკუმენტების გაყალბება უფრო მარტივია, თუმცა ჯერ მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდის დონეზე შეიძლება იმაზე საუბარი, იგეგმება თუ არა ამ საკითხის საარჩვენოდ გამოყენება.

“უჩიპო პირადობის მოწმობების დაბეჭდვა თავისთავად უფრო მარტივია. ამ მხრივ, გასაგებია, რომ უფრო მეტ რისკს შეიძლება შეიცავდეს ძველი პირადობების დაშვება და მათი ხელახლა გაცემა შესაბამისი ორგანოების მხრიდან. გამონაკლის შემთხვევებში დღესაც დაშვებულია ძველი პირადობების ბეჭდვა. გახსოვთ, შარშან იყო კითხვები ამასთან დაკავშირებით, როცა ჩვენ მოგვაწოდეს გარკვეული ინფორმაცია ყალბ პირადობებთან დაკავშირებით. ჩვენ ამ ინფორმაციის რაღაც ნაწილის გადამოწმება შევძელით, დანარჩენი უკვე გამოძიებას უნდა დაედგინა, ჰქონდა თუ არა რამე სქემას ადგილი, რაც, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ამ გამოცდილებით ცხადია, რომ პოტენციური რისკები არსებობს, რომ კონკრეტული მიზნებისთვის მოხდეს დოკუმენტების გამოყენება. ეს რისკი უფრო მეტია დაუცველი დოკუმენტების შემთხვევაში”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

2018 წლის ნოემბერში საია-მ, “სამართლიანმა არჩევნებმა” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” განაცხადეს, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ მიაწოდა ინფორმაცია სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

მიხეილ ბენიძე იხსენებს 2012 წლის ყალბი ძველი პირადობების საქმესაც. მაშინ არასამთავრობო სექტორი ენმ-ის ხელისუფლებას ადანაშაულებდა, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, შსს-მ განაცხადა, რომ 2012 წელს საარჩევნოდ დამზადებული იყო ყალბი პირადობები, რომლებსაც კუდ-ის თანამშრომლები საარჩევნო კარუსელისთვის იყენებდნენ, რათა ხმა “ნაციონალური მოძრაობისთვის” მიეცათ.

“აქედან გამომდინარე, ცხადია, რისკები არის, მაგრამ დღეს არ შეიძლება დაზუსტებით იმაზე საუბარი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება რამენაირად შესაძლოა გამოყენებულ იქნას საარჩევნო პროცესში”, – აღნიშნა ბენიძემ და დასძინა, რომ არასამთავრობო სექტორი თვალყურს მიადევნებს, რამდენი ე.წ. ქაღალდის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა საარჩევნო წელს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემის წესის შესახებ მოსარჩელეთა მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებს ე.წ. სერიოზულობის და დამაჯერებლობის ტესტს.

“მიუხედავად იმისა, რომ პირის რელიგიური რწმენა დაცვის ღირსია იმის მიუხედავად, შეესაბამება თუ არა ის ოფიციალურ რელიგიურ დოგმას ან/და რელიგიური ლიდერების დამოკიდებულებებს, როგორც მინიმუმ, მოსარჩელეებმა უნდა დაასაბუთონ კავშირი ელექტრონული მატარებლის შემცველი პირადობის მოწმობების გამოყენებასა და რელიგიას შორის, რათა არ მოხდეს ხელოვნურად შექმნილ, გამოგონილ რწმენაზე აპელირება”, – აცხადებს EMC, რომელიც მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სათანადოდ დასაბუთებული არ არის.

EMC, ასევე, აცხადებს, რომ დააკვირდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვას და ამ პროცესში რწმენისა და რელიგიის თავისუფლების ფარგლების განმარტების მეთოდოლოგიასა და მიდგომებს, რომელსაც სახელმწიფოსა და რელიგიის სფეროების გამიჯვნის ფრთხილ ხაზებზე მოუწევს გავლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი