ახალი ამბები

გრიგოლია: შეხვედრაზე მაჭავარიანმა მის წინამორბედებზე თქვა, უტრაკოები იყვნენო

27 დეკემბერი, 2019 • 1291
გრიგოლია: შეხვედრაზე მაჭავარიანმა მის წინამორბედებზე თქვა, უტრაკოები იყვნენო

ტელეკომპანია პირველის გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია ამბობს, რომ ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დღეს, 27 დეკემბერს, ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა თავის წინამორბედ მინისტრებზე საუბრისას უცენზურო ტერმინოლოგია გამოიყენა და თქვა, რომ ისინი “უტრაკოები იყვნენ”.

ინგა გრიგოლიამ მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

“შეხვედრა რომ დავტოვე, მერე გავიგე. გაინტერესებთ, ვანო მაჭავარიანი რა სიტყვებს ეუბნებოდა მედიამენეჯერებს? წინამორბედებზე მან თქვა ეს სიტყვა, ისინი იყვნენ უტრაკოებიო, გაიმეორა სამჯერ”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ ტვ “პირველის” პირდაპირ ეთერში, რა დროსაც მან მაყურებელს ბოდიში მოუხადა.

“როდესაც მთავრობის წევრი ასეთი კრიზისული სიტუაციის დროს მედიამენეჯერებთან ამ სიტყვებს ხმარობს, ესაა ვყელაზე შეურაცხმყოფელი. ეს სიტყვა მან წინამორბედ მინისტრზე თქვა და ვინ იყო წინამორბედი? ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე. ვანო მაჭავარიანმა იმ შეხვედრაზე ჩემს კოლეგებს უთხრა, მამუკა ბახტაძე იყო უტრაკოო. ასე ელაპარაკება მინისტრი ჟურნალისტებს”, – ამბობს ინგა გრიგოლია.

გრიგოლიას თქმით, მთელი პასუხისმგებლობა შეხვედრაზე მაჭავარიანს გადაჰქონდა მის წინამორბედ მინისტრებზე:

“მთელი პასუხსიმგებლობა გადაჰქონდა მთავრობის წინა შემადგელობაზე. ვისაც უნდა მიეღო გადაწვყეტილება, მას ერთი ადგილი არ ჰქონდა, რომ ეს მიეღოო. რა ვქნათო, ხელები დაიბანა დღეს ვანო მაჭავარიანმა. მამუკა ბახტაძე იმიტომ ვახსენე, რომ ის იყო მაშინ ფინანსთა მინისტრი ან/და პრემიერი. თვითონ არის ძალიან მაგარი, იმათ არ შეეძლოთ, თორემ ამან ხომ გააკეთა?!” ,- ამბობს გრიგოლია ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.


ფინანსთა სამინისტროში ტელეკომპანიების წარმომადგენლების და ფინანსთა მინისტრის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

როგორც ტელეკომპანია “პირველის” და “კავკასიის” წარმომადგენლებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, ფინანსთა მინისტრისგან ინკასოს მოხსნაზე პასუხები ვერ მიიღეს. მათი შეფასებით, სამინისტრო ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, რადგან “რუსთავი 2-სა” და “იმედს”, რომლებსაც ბიუჯეტის წინაშე მთლიანობაში 55 მილიონი ლარის მოცულობის დავალიანება აქვს, არათანაბარ პირობებს სთავაზობს, მათ კი ინკასოს ადებს.

ტელეკომპანია “პირველის” აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანიძე ამბობს, რომ მინისტრი მაჭავარიანი “იმედსა” და “რუსთავი 2-ს” წლების განმავლობაში დაგროვილი დიდი მოცულობის ვალის რესტრუქტურიზაციას სთავაზობს, ტელევიზიებისთვის კი, რომლებსაც მხოლოდ მიმდინარე დავალიანება აქვთ, ინკასოს მოხსნაზე არ თანხმდება.

ვრცლად:

რომელ ტელევიზიას (არ) ემუქრება ინკასო

მასალების გადაბეჭდვის წესი