ახალი ამბები

მედიამენეჯერების თქმით, მინისტრთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

27 დეკემბერი, 2019 • 994
მედიამენეჯერების თქმით, მინისტრთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ფინანსთა სამინისტროში ტელეკომპანიების წარმომადგენლების და ფინანსთა მინისტრის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

როგორც ტელეკომპანია “პირველის” და “კავკასიის” წარმომადგენლებმა, რომელთა ანგარიშებს ინკასო დაედო, შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, ფინანსთა მინისტრისგან ინკასოს მოხსნაზე პასუხები ვერ მიიღეს, თუმცა აღნიშნავენ, რომ სამინისტრო ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, რადგან “რუსთავი 2”-სა და “იმედს”, რომლებსაც ბიუჯეტის წინაშე მთლიანობაში 55 მილიონი ლარის მოცულობის დავალიანება აქვთ, არათანაბარ პირობებს სთავაზობს.

ტელეკომპანია “პირველის” აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანიძე ამბობს, რომ ივანე მაჭავარიანი “იმედს” და “რუსთავი 2”-ს სთავაზობს წლების განმავლობაში დაგროვილი დიდი მოცულობის ვალის რესტრუქტურიზაციას, ტელევიზიებისთვის კი, რომლებსაც მხოლოდ მიმდინარე დავალიანება აქვთ, ინკასოს მოხსნაზე არ თანხმდება:

“იმედი, მაესტრო და რუსთავი ცოდოები არიან, ხანგრძლივი ვადა იმიტომ უნდა მივცეთ ძველი დავალიანებისთვის გადასახდელად, აბა, სხვაგვარად როგორ გადაიხდიან ასე ერთბაშადო?! თქვენ კი ბოლო ორ თვეში როგორ მოგვთხოვეთ გადავადება, სასწრაფოდ უნდა გადაიხადოთო. თან გვესაუბრება ისეთი ფორმით, აღშფოთბული ვარ. კონსტრუქციულს ვერ დავარქმევ ამ საუბარს. იმათ ელოლიავებიან, უფრთხილდებიან. რა ქნან, 55 მილიონი როგორ უნდა გადავახდევინოთო. იმ არხებთან და 55 მილიონზე არანაირი გრაფიკი და შეთანხმება არ არსებობს, არანაირი პასუხი არ ასებობს და ჩვენი და კავკასიის თანხები გახდა აქილევსის ქუსლი ბიუჯეტში”, – ამბობს აბურჯანიძე.

შეხვედრას ესწრებოდა ტელეკომპანია “კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილიც. როგორც ჯანგირაშვილი ამბობს, სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტრო დაგროვილი დავალიანების გადასახდელად “იმედს” და “რუსთავი 2”-ს 10- წლიან ვადას მისცემს, რაც მისი თქმით, ფაქტობრივად ნაჩუქარი თანხაა:

“ჩვენი ვარაუდები, რასაც ამდენი დღე ვამბობდით, დადასტურდა მინისტრის მხრიდან. მან თქვა, რომ საუბარია დაახლოებით 10-წლიან რესტრუქტურიზაციაზე, რაც არის ჩუქება, ფაქტობრივად. მინისტრი წუხდა, ან ამ 10 წელში როგორ უნდა გადაიხადონ, ცოდოები არიანო, რა ვქნაო, ხომ არ დაიხურებიანო. როდესაც ვეუბნები, ახლა ახალი წლის წინ, ტელევიზიისთვის ინკასოს დადება ნიშნავს იმას, რომ ტეელვიზიამ შეიძლება ორშაბათს მუშაობა შეწყვიტოს იმიტომ, რომ შეიძლება ელექტროენერგია გაგვეთიშოს, მას ვერ წარმოუდგენია, რომ კავკასიის შემთვევაში ეს შეიძლება იყოს პრობლემა, თუმცა “იმედზე” ძალიან ღელავს” ,- ამბობს ჯანგირაშვილი.

მისი თქმით, არ არსებობს არანაირი ფორმალური დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მიმდინარე გადასახადები “იმედს” გადახდილი აქვს:

“არანაირი ფორმალური დოკუმენტი არ არსებობს, რომელმაც გაყო ძველი ვალი და ახალი ვალი. ეს არის ერთიანი ვალი, მაგრამ რატომღაც გაყოფილია მინისტრის წმინდა წერილით. ეს არც ბრძანებულებაა, არც განკარგულება. მინისტრი არის ძალიან დესტრუქციული, ძალიან აგრესიული”, – ამბობს ჯანგირაშვილი.

ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი ითხოვს, რომ ყველა ტელევიზიას, რომელსაც ინკასო ადევს, მოეხსნას და ერთი თვის ვადაში პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს, კერძოდ, გასაჯაროვდეს, როგორ წარიმართება “იმედისა” და “რუსთავი 2”-სთვის ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია:

“ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, დღესვე მოეხსნას ინკასო ყველა ტელევიზიას შემდეგი ერთი თვის განამვლობაში, გაგვაგებინონ, რა გრაფიკზე ელაპარაკება ამ არხებს. ასე არ გამოვა. გაიხსნას პროცესი. გვითხრას, რა გრაფიკზე ელაპრაკება. მანამდე არანაირი ინკასო, არავინ არაფერს არ იხდის. ეს არის ჩემი ულტიმატუიმი. რუსთავი წერილებს მაინც აგზავნიდა, გადაგვივადეთ, ვერ ვიხდით, იმედი კი ამასაც არ აკეთებდა”, – ამბობს ჯანგირაშვილი.

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის წარმომადგენლის, ნათია კუპრაშვილის თქმით, კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს წაუყენეს, გამოძიების დაწყებაა იმაზე, თუ როგორ მოხდა ამ ტელევიზიების მიერ ამ ოდენობის ვალის დაგროვება:

“მინისტრთან შევთანხმდით, რომ თავის დროზე არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული, როცა შერჩევითად დააგროვებინეს ვალი “რუსთავი 2”-ს, “იბერიას”, “მაესტროს” და “იმედს”. ესენი იყვნენ არხები, რომლებიც იყვნენ პოლიტიკურად მიკერძოებული და ამაზე მინისტრთან შევთანხმდით, რომ იყო პოლიტიკურად არასწორი და უკანონო გადაწყვეტილება. თუმცა პასუხი მივიღეთ, რომ დღეს მინისტრმა არ იცის, იძიებს თუ არა ვინმე ამ საკითხს.

ჩვენი მოთხოვნა იყო და რჩება- ჩატარდეს გამოძიება უკანონო პოლიტიკური გადაწყვეტილების; აგრეთვე- გამჭვირვალობა ყველა ტელევიზიის ვალებთან დაკავშირებით; გადასახადებთან დაკავშირებული ინფორმაცია იყოს ღია, ვინაიდან დღესაც არავინ იცის, რა ტიპის მოლაპარაკებებია”, – ამბობს ნათია კუპრაშვილი.

ინგა გრიგოლიას თქმით კი, მინისტრმა ამ საკითხზე ხელი წინამორბედებს შეაწმინდა და თქვა, რომ მათ შეუძლიათ დააყენონ მისი პასუხიმსგებლობის საკითხი, ვისიც სურს.

რაც შეეხება ტელეკომპანია “პირველს”, ნანა აბურჯანიძის განცხადებით, ტელეკომპანია მიმდინარე დავალიანების 15 იანვრამდე გადავადებას ითხოვს, რათა წლის ბიუჯეტის დახურვა დროულად შეძლონ.


25 დეკემბერს შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანიების: ტვ პირველის, კავკასიის, ერთი რეგიონული მაუწყებლისა და რუსთავი 2-ის ანგარიშებს მიმდინარე დავალიანებების გამო ინკასო დაადო.

მანამდე ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიებს 1-დღიანი ვადა მისცა პირველი ოქტომბრიდან დროის პერიოდში დაგროვილი დავალიანების ძირი თანხის დასაფარად, თუმცა იგივე არ გაუკეთებია ძველ დავალიანებებთან დაკავშირებით, რაც ტვ კავკასიის, ტვ პირველის და სხვების შეფასებით, სხვა ტელევიზიებს მათთან მიმართებაში უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ამ შემთხვევაში საუბარია ტელეკომპანია იმედზე, მაესტროსა და რ2-ზე, რომლებსაც ჯამურად ათეულობით მილიონლარიანი ძველი დავალიანება დაუგროვდათ.

ვრცლად წაიკითხეთ:

უსამართლო დისბალანსი უნდა აღმოიფხვრას – ინტერვიუ ნინო ჯანგირაშვილთან

მასალების გადაბეჭდვის წესი