ახალი ამბები

„პანდა“ ფეისბუკის ბრალდებებს აღიარებს

27 დეკემბერი, 2019 • 4350
„პანდა“ ფეისბუკის ბრალდებებს აღიარებს

სარეკლამო კომპანია „პანდა, რომელიც ფეისბუკმა რამდენიმე დღის წინ გაუქმებულ პროსახელისუფლებო გვერდებთან დააკავშირა, ადასტურებს ფეისბუკის ბრალდებებს.

„პანდა“ ასევე ეხმაურება „ატლანტიკური საბჭოს“ ციფრული კრიმინალისტიკის ლაბორატორიის კვლევას და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას; ისინი ამბობენ, რომ მათ არ უწარმოებიათ ე.წ „ფეიკ ნიუსები“, „ანტიამერიკული პროპაგანდა“ და წვლილი არ შეუტანიათ „საზოგადოების გახლეჩაში“.

ვიდეოში არაფერია ნათქვამი ფეისბუკის დასახელებულ თანხაზე.

„პანდა“ აღიარებს, რომ ფეისბუკზე თავიანთი რესურსებით ოპოზიციას, კერძოდ კი „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებდნენ, თუმცა, ვიდეოს თანახმად, ამას აკეთებდნენ არა „ქართული ოცნების სიყვარულით“, არამედ „დიქტატურის დაბრუნების შიშით“.

„გვჯეროდა და გვჯერა იმის, რასაც ვაკეთებთ“, – ამბობს ერთ-ერთი წევრი ახლახან, 26 დეკემბრის საღამოს გავრცელებულ ვიდეოში.

მისი თქმით, თავიანთ თავზე აქვთ ენმ-ის დროინდელი დიქტატურა გამოცდილი 51-ე სკოლაში სწავლისას და მათი ვალდებულებაა, „თავისუფლების წართმევის მცდელობით მიღებული ტკივილები … მომავალში არცერთმა ადამიანმა აღარ იგრძნოს“.

„პანდა“ ყვება ისტორიას, რომლის თანახმადაც მე-8 კლასში ყოფნისას ერთ-ერთი გადაცემაში გააგზავნეს პლაკატი, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და დიქტატურას აკრიტიკებდნენ, რის შემდეგაც, მეორე დილიდანვე, პოლიციამ მათი დევნა, „ფსიქოლოგიური ტერორი“ და მუქარა დაიწყო, სკოლაში მათი კლასი კი დაშალეს.

„დღეს ჩვენი მორალური ღირებულებები ეფუძნება იმას, რომ თქვენ და თქვენმა შვილებმა იგივე არ გამოსცადოთ“, – ამბობს იგი.

„პანდა“ ასევე ადასტურებს ფეისბუკის განცხადების იმ ნაწილს, სადაც წერია, რომ ისინი სისტემურად მუშაობდნენ: „დიახ, ჩვენ სოციალურ ქსელში ვფლობთ და ვაქირავებთ რესურსებს“.


„ფეისბუკმა“ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ წაშალა ასზე მეტი ქართული გვერდი, რომელთა უკანაც ყალბი ანგარიშები იდგა და საქართელოს მთავრობასთან და სარეკლამო კომპანია „პანდასთან“, იყო დაკავშირებული.

სარეკლამო სააგენტო „პანდა“ ბაზარზე მიმდინარე წლის აპრილში გამოჩნდა, თუმცა მანამდე საზოგადოებისთვის უფრო ცნობილი სხვა, მუსიკალური პროექტით იყო ცნობილი. მათ ჰქონდათ მუსიკალური ჯგუფი, რომლის რამდენიმე ვიდეო-კლიპმაც იუტუბზე მილიონობით ნახვა მოაგროვა. მოგვიანებით „პანდა“ სარეკლამო სააგენტოდ გადაკეთდა.

„ფეისბუკის“ ინფორმაციით, საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმეს, რადგან დაადგინეს, რომ ამ გვერდებს ყალბი ანგარიშის მქონე პირები იყენებდნენ. ფეისბუკის ცნობითვე, ამ გვერდებმა 300 000 დოლარზე მეტი დახარჯეს ფეისბუკსა და ინსტაგრამზე რეკლამაში, ანუ პოსტების დასპონსორებაში.

„ფეისბუკის“ ცნობითვე, ეს გვერდები ავრცელებდნენ ძირითადად ადგილობრივ ამბებს. ისინი თავს ასაღებდნენ მედიასაშუალებებად და  აკრიტიკებდნენ ოპოზიციურ პარტიებსა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები ვინაობისა და კოორდინირებულად მოქმედების დაფარვას ცდილობდნენ, ჩვენ შევძელით და გამოვარკვიეთ, რომ ისინი დაკავშირებულნი იყვნენ სარეკლამო სააგენტო „პანდასთან“ და საქართველოს ხელისუფლებასთან“, – წერდა „ფეისბუკი“.

[მასალა განახლებულია დაზუსტებებით]

ინტერნეტის რეაქცია გვერდების წაშლაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი