ახალი ამბები

ჯანმოს შემდეგ ებოლას ვაქცინა აშშ-ის FDA-მაც დაამტკიცა

26 დეკემბერი, 2019 • 3097
ჯანმოს შემდეგ ებოლას ვაქცინა აშშ-ის FDA-მაც დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA-მ) პირველად დაამტკიცა ვაქცინა მომაკვდინებელი ებოლა ვირუსის პრევენციისათვის, – იუწყება CNN. ვაქცინა 18 წელს გადაცილებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.

ვაქცინა, სახელწოდებით ერვობო, ფარმაცევტულმა კომპანია Merck-მა (იგივე MSD-მ) შეიმუშავა და 20 დეკემბერს დაამტკიცა FDA-მ, რომელიც აშშ-ის მარეგულირებელი უწყებაა.

„იმის მიუხედავად, რომ ებოლას ვირუსული დაავადების (EVD) გაჩენის რისკი აშშ-ში დაბალია, აშშ-ის მთავრობა აქტიურადაა ჩართული ებოლასთან ბრძოლაში, მათ შორის, ბოლო პერიოდში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ“, – განაცხადეს ადმინისტრაციაში.

სულ ცოტა ხნის წინ, 2019 წლის ნოემბერში, იგივე ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც (WHO) დაამტკიცა. WHO-მ ამ გადაწყვეტილებას უწოდა „კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც დააჩქარებს ვაქცინის ლიცენზირების პროცესს და ხელმისაწვდომს გახდის იმ ქვეყნებში, რომლებიც ებოლას გავრცელების რისკის ქვეშ არიან“.

ებოლას ვირუსი პირველად 1976 წელს შეამჩნიეს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ვირუსმა დასავლეთ აფრიკაში 11 000 ადამიანზე მეტის სიცოცხლე შეიწირა. სწორედ ამ კრიზისმა გამოავლინა ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინის საჭიროება. ეპიდემია 2013 წელს დაიწყო გვინეაში და გავრცელდა ლიბერიასა და სიერა ლეონეშიც. კონგოში ბოლო ეპიდემიისას ამ დროისთვის 2 000 ადამიანია დაღუპული.

Merck-ის ვაქცინაზე კლინიკური კვლევები თავიდანვე წარმატებული იყო და მას იმედით ელოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი