ახალი ამბები

სამინისტროს მოვუწოდებთ, თანაბარი საგადასახადო პირობები შექმნას – მედიაკოალიცია

26 დეკემბერი, 2019 • 1703
სამინისტროს მოვუწოდებთ, თანაბარი საგადასახადო პირობები შექმნას – მედიაკოალიცია

“კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, მაუწყებლებისთვის თანაბარი საგადასახადო პირობები შექმნას. ორგანიზაცია ასე გამოეხმაურა  შემოსავლების სამსახურის მიერ TV პირველის, რუსთავი 2-ის, კავკასიის, ასევე, რამდენიმე რეგიონული არხის ანგარიშებზე ინკასოს დადებას.

ორგანიზაციის შეფასებით, სამინისტრო მკაცრ საგადასახადო პოლიტიკას აწარმოებს დამოუკიდებელი მედიების მიმართ, რომლებსაც არა მილიონობით, არამედ რამდენიმე ათასი, ზოგჯერ კი ათას ლარამდე დავალიანება აქვთ.

“14 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 2016 წლიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ჰქონდა 28 მილიონი, „იმედს“ – 19 მილიონი, „მაესტროს“ კი 8 მილიონზე მეტი ლარის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე. დღემდე არ არის ცნობილი, როგორ მოხდება აღნიშნული დავალიანების გადახდა ან არსებობს თუ არა საგადასახადო შეთანხმება. ამ ფონზე ფინანსთა სამინისტრო მკაცრ საგადასახადო პოლიტიკას აწარმოებს დამოუკიდებელი მედიების მიმართ, რომლებსაც არა მილიონობით, არამედ რამდენიმე ათასი, ზოგჯერ კი ათას ლარამდე დავალიანება აქვთ”,-წერია განცხადებაში.

კოალიციაში აცხადებენ, რომ  მაუწყებლების მიმართ შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკის წარმოება იყო და რჩება საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების იარაღად მედიაზე ზეწოლისათვის. ამის მაგალითად განცხადებაში ხელისუფლების მიერ 2012 წელს მიღებული გადაწყვეტილება მოჰყავთ, როცა “რუსთავი 2”-ს, “იმედსა” და საზოგადოებრივ მაუწყებელს დავალიანებები ჩამოეწერათ.

“სამწუხაროდ, მაუწყებლების მიმართ შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკის წარმოება იყო და რჩება საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების იარაღად მედიაზე ზეწოლისათვის. მოქმედმა ხელისუფლებამ მოსვლისთანავე , 2012 წლის ოქტომბერში, „რუსთავი 2“-ს – 5 მილიონი, ხოლო “იმედს“ 13 მილიონი ლარი დავალიანება აპატია. მთავრობის განკარგულებითვე, 2015 წელს 16 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოეწერა საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამავე პერიოდში და შემდეგ ხელისუფლება მკაცრი საგადასახადო მოთხოვნებით უდგებოდა სხვა მედიაორგანიზაციებს, რასაც „კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები პერიოდულად აპროტესტებდნენ.

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის“ მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროს, შექმნას თანაბარი საგადასახადო პირობები მაუწყებლებისათვის და საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის პროცესი გახადოს გამჭვირვალე და სამართლიანი”,-წერია განცხადებაში.

გუშინ, 25 დეკემბერს, შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანიების: ტვ პირველის, კვაკასიისა და რუსთავი 2-ის ანგარიშებს ინკასო დაედო. მანამდე ფინანასთა სამინისტრომ ტელეკომპანიებს მიმდინარე დავალიანების  ანუ 1 ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანებების გადასხადელად 1-დღიანი ვადა მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი