ზუსტდება დაკარგული მოქალაქეების რაოდენობა. თბილისის საავადამყოფოებში რეგისტრირებულია 36 დაშავებული ადამიანი. მათგან 16 მოქალაქე სხვადასხვა მოტეხილობებით სტაციონარებში რჩება.
ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად კვლავ ჩაკეტილია წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი საგზაო მაგისტრალი. მეწყერის შედეგად გარე სამყაროს მოწყვეტილია სოფელი ახალდაბა. სოფელში ჩარჩენილ დაახლოებით 180 ადამიანს დღესვე მიეწოდება სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება, რაც მოიცავს სასმელ წყალს, საკვებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საბნებს და ლეიბებს, აცხადებენ კრიზისების მართვის საბჭოში.
საბჭოს ინფორმაციით, სტიქიის ლიკვიდაციისთვის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო შტაბი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ყველა ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და ცოცხალი ძალა, რაც შეეხება ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს, მათი რაოდენობა ზუსტდება.
კრიზისების მართვის საბჭო აცხადებს, რომ ცხელ ხაზზე შემოდის მრავალი სატელეფონო ზარი და მოქალაქეები გამოთქვამენ სამაშველო-გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის სურვილს, თუმცა ამ ეტაპზე სახელმწიფო საკუთარი რესურსებით ახორციელებს სტიქიის შედეგების აღმოფხვრას. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება დამატებითი რესურსების მობილიზება, მოსახლეობას ამის შესახებ მიეწოდება ინფორმაცია და ეს პროცესი განხორციელდება ორგანიზებულად.