ახალი ამბები

სტიქიის შედეგად 8 ადამიანია დაღუპული

14 ივნისი, 2015 •
სტიქიის შედეგად 8 ადამიანია დაღუპული

“13 ივნისის ღამეს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში მძიმე ვითარება შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი მდინარე ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორიაა. არის მსხვერპლი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია რვა ადამიანი. დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება. ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რის შედეგადაც ვოლიერებიდან გაიქცნენ მტაცებელი ცხოველები. ტარდება ოპერატიული ღონისძიებები მტაცებლებისგან მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად და ცხოველების დასაბრუნებლად. სტიქიის შედეგად დაზიანებულია ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალი, დატბორილია საცხოვრებელი სახლები. მოკლე დროში მოსულმა უხვმა ნალექმა წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე გამოიწვია მეწყერი.


პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილია საგანგებო შტაბი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას უწევს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო. საგანგებო შტაბის თათბირზე გადაწყდა, რომ დღეს დედაქალაქში რამდენიმე ცენტრალური მაგისტრალი დაიკეტება. შექმნილი ვითარების გამო საგანგებო შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქში, განსაკუთრებით გმირთა მოედნის, ზოოპარკის, ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისგან. ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას საპატრულო პოლიცია გაავრცელებს. საგანგებო შტაბის დავალებით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური. დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებულია ყველა აუციელებელი რესურსი. მოქმედებს ცხელი ხაზი 112. საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს”, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი