ახალი ამბები

GNCC “მთავარ არხს” ივანიშვილზე გაშვებულ ვიდეორგოლზე ედავება

25 დეკემბერი, 2019 • 1493
GNCC “მთავარ არხს” ივანიშვილზე გაშვებულ ვიდეორგოლზე ედავება

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია (GNCC) “მთავარ არხს” ბიძინა ივანიშვილზე ეთერში გაშვებული რგოლის გამო ედავება. როგორც GNCC-დან ტელევიზიისთვის მიწერილ წერილშია ნათქვამი, არასაარჩევნო პერიოდში მაუწყებელს ეკრძალება პოლიტიკური რეკლამის განთავსება და ამ საკითხზე 30 დეკემბერს კომისიაში სხდომაა დანიშნული. ინფორმაციას ამის შესახებ და კომისიისგან მიღებულ წერილს “მთავარი არხის” იურისტი თამთა მურადაშვილი ავრცელებს.

მარეგულირებლის მიერ გაგზავნილ წერილში ტელევიზიას სთხოვენ გააცნონ, რა სტატუსით განათავსეს აღნიშნული რგოლები საეთერო ბადეში, ასევე, ვინ არის რეკლამის დამკვეთი.

კომისიისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ “მთავარ არხში”. როგორც არხის იურისტი თამთა მურადაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, სადავო რგოლი პოლიტიკური რეკლამა არ არის, მასში ქვეყნის პრობელმებზეა საუბარი, ბოლოს კი, როგორც ქვეყნის პრობლემა, ბიძინა ივანიშვილია დასახელებული:

“დამკვეთი არ არის არავინ, ჩვენ უკვე გავეცით პასუხი, რომ ჩვენ დავამზადეთ და გავუშვით. შესაბამისად, არ არსებობს ხელშეკრულება დამკვეთთან, რომელიც მარეგულირებელმა კომისიამ მოითხოვა. ეს ჩვენთვის გაუგებარია.

სავარაუდოდ, დღევანდელი პასუხიდან გამომდინარე, კომისია ჩათვლის, რომ ეს არის პოლიტიკური რეკლამა, თუმცა ამის განმარტება მოუწევთ. კლიპში საუბარია ქვეყნის პრობლემებზე და ბოლოს სახელდება ბიძინა ივანიშვილი, როგორც ამ ქვეყნის პრობლემა, და რა სახის პოლიტიკური რეკლამაა, ეს თავად კომისიამ უნდა ახსნას”, – ამბობს მურადაშვილი.

ამასთან, იურისტი ამბობს, რომ კომისია კანონს განგებ დამახინჯებულად განმარტავს და დამკვეთის გარეშე, თავად ტელევიზიის მიერ დამზადებული რგოლის საეთერო ბადეში განთავსება სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში და არც კანონს ეწინააღმდეგება.

“როდესაც მიკრძალავს ფუნდამენტური უფლების რეალიზაციას, ევროპულ კონვენციაში წერია, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და კანონით ასე არის გათვალისწინებული. რადგან კანონით მსგავსი კლიპის ეთერში გაშვების აკრძალვა არ არის გათვალისწინებული, უნდა დაგვიმტკიცონ, დემოკრატია საჭიროებს თუ არა ამის აკრძალვას”, – ამბობს მურადაშვილი.

როგორც იურისტი ამბობს, კანონის მიხედვით, არასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციულ ორგანოსა და პოლიტიკურ პარტიას მაუწყებლის მომსახურების შესყიდვის ან გადაცემის დაფინანსების უფლება არ აქვს.

“ჩვენი ვიდეორგოლი არც პოლიტიკურ პარტიას დაუმზადებია და არც ნაყიდია, ის ჩვენ თვითონ მოვამზადეთ და განვათავსეთ. მათ მოუწევთ აგვიხსნან, რის საფუძველზე არ უნდა გაგვეშვა ეს რგოლი ეთერში”, – უთხრა თამთა მურადაშვილმა ნეტგაზეთს.

დამატებითი განმარტების მისაღებად დავუკავშირდით GNCC-ის, თუმცა მათგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი