ახალი ამბები

ბიუჯეტის პროექტით მიზნობრივი ფინანსური დახმარება რაიონების მიხედვით განსხვავდება – რატომ?

25 დეკემბერი, 2019 • 2248
ბიუჯეტის პროექტით მიზნობრივი ფინანსური დახმარება რაიონების მიხედვით განსხვავდება – რატომ?

თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საკრებულომ რამდენიმე დღეში უნდა დაამტკიცოს, მოქალაქეებისთვის გათვალისწინებული ფულადი მიზნობრივი დახმარება რაიონების მიხედვით განსხვავდება.

ინფორმაცია ამის შესახებ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გაასაჯაროა, შემდეგ კი ნეტგაზეთთან განმარტა, რომ ვაკეში ამ დახმარების ოდენობა უფრო მეტია, გარეუბნებში – ნაკლები. ეს მიდგომა კი  დისკრიმინაციულია.

ამ განცხადებას გამოეხმაურნენ თბილისის მერიასა და საკრებულოში. ორივე უწყებაში ამბობენ, რომ ეს დახმარება მიზნობრივია და, შესაბამისად, გაიცემა მოთხოვნის მიხედვით და არა – ფიქსირებული სახით.

„ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრის, ოთარ გრიგოლიას თქმით, ბიუჯეტში თანხები ყოველთვის როტაციულია და ერთგვარ მექანიკურ ჩანაწერს წარმოადგენს. მისი თქმით – „ბიუჯეტი დაიხარჯება მოთხოვნიდან გამომდინარე და არა ამ გადანაწილებით“.

სხვადასხვა თანხა სხვადასხვა რაიონისთვის – რა წერია ბიუჯეტის პროექტში

ის, რის შესახებაც ლევან ხაბეიშვილმა დღეს ისაუბრა, თბილისის ბიუჯეტის პროექტის ერთ-ერთ ქვეპროგრამას ეხება – სახელად „უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესებაა“. ეს არის ერთჯერადი მიზნობრივი დახმარება, რომელიც მოქალაქემ, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, ქალაქის რომელიმე გამგეობისგან მიიღოს.

ხაბეიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ქვეპროგრამით თითო ინდივიდზე გაწერილი თანხა რაიონების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდება: მაგალითად, ვაკეში თითო პირისთის 400-ლარიანი დახმარებაა გათვალისწინებული, მაშინ, როდესაც ნაძალადევში ეს თანხმა 100 ლარს უდრის.

სქრინი ბიუჯეტიდან.

მაგალითისთვის, ამ სქრინიდან ჩანს, რომ ნაძალადევის რაიონის გამგეობა 2020 წელს „უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესებისთვის“ ფინანსურ დახმარებაზე 400 000 ლარს დახარჯავს 4000 ბენეფიცირაზე,  ანუ თითო ადამიანზე- 100 ლარს: 4000*100 ლარზე, როგორც სქრინშია მოცემული.

სქრინი ბიუჯეტიდან.

ნაძალადევისგან განსხვავებით, ბიუჯეტის პროექტი ჩუღურეთში თითო ბენეფიციარზე 150 ლარამდე დახმარების გაცემას ითვალისწინებს. სულ ასეთი ბენეფიციარი ჩუღურეთში 2000-ია, რომელთათვისაც 300 000 ლარია გათვალისწინებული.

პროექტით, თუ ამ პრინციპით დავითვლით: სამგორში ერთ მოქალაქეზე გათვალისწინებულია 200 ლარი, ისანში – 100 ლარი, ხოლო ვაკეში – 400 ლარი.

 

„ბიუჯეტი დაიხარჯება მოთხოვნიდან, არა ამ გადანაწილებით“ – ხელისუფლების განმარტება

ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი, რომელმაც თქვა, რომ ბიუჯეტში სოციალური დახმარებების ოდენობები კომისიის მიერაა გადანაწილებული რაიონის წინა წლების სტატისტიკიდან, გამგეობის მოთხოვნებიდან და ზოგადად სპეციფიკიდან გამომდინარე, შემდეგ კი თითოეული რაიონი იღებს კონკრეტულ თანხას.

„რაც შეეხება დახმარებას, სიტყვა – მიზნობრივი – ნიშნავს, რომ ეს არის ერთჯერადი მიზნობრივი დახმარება და ამის მაქსიმუმი 1500 ლარია. ყოველი დახმარება გაიცემა მოკვლევის საფუძველზე“, – ამბობს ელოშვილი.

ელოშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტში გაწერილი თანხების „გასაშუალოება“ და „ყველასთვის ჩამორიგება“ არ მოხდება, საპირწონედ კი თანხები გადაიცემა მოკვლევის შემდეგ, არაფიქსირებული ოდენობით და 1500 ლარამდე თითო პირისთვის.

ბიუჯეტის ამგვარ გადანაწილებაზე ნეტგაზეთთან ისაუბრა „ოცნებიდან“ საკრებულოს წევრმა ოთარ გრიგოლიამაც. მან თქვა, რომ პრესტიჟული თუ არაპრესტიჟული უბნების ფაქტორი აქ არაფერ შუაშია, ბიუჯეტი კი, როგორც მინიმუმ, უკვე 15 წელია ამგვარი წესით ნაწილდება.

გრიგოლია განმარტავს, რომ სოციალური დახმარებები, მათ შორის, თანხები მკურნალობისთვის თუ ავარიული სახლების გამაგრებაზე, გაიცემა ნებისმიერ ადამიანზე, მოკვლევის შემდეგ. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ბიუჯეტში გაწერილი თანხები ხშირად როტაციულია.

„მაგალითად, გლდანის ბიუჯეტი არის დაახლოებით 2.3 მლნ ლარი. აქ არის თანხა გამოყოფილი ასევე ავარიული სახლების გამაგრებისთვის, მაგრამ, როგორც წესი, გლდანის განაშენიანებიდან გამომდინარე, აქ ამგვარი პრობლემები ხშირად არ გვაქვს. შესაბამისად, ძირითადად ამ ნაწილში გამოყოფილი თანხები გაიხარჯება, მათ შორის, ადამიანებისთვის ერთჯერად დახმარებაზე“, – ამბობს გრიგოლია.

საკრებულოს წევრი განმარტავს, რომ ბიუჯეტი მთლიანად როტაციულია და შეიძლება პროექტის დოკუმენტში ერთი ციფრი ეწეროს, რეალურად კი სხვა შედეგი დადგეს – „ამას ბოლომდე ვერავინ განსაზღვრავს, შეიძლება საბოლოოდ ერთ ნაწილში უფრო მეტი იყოს საჭირო, ვიდრე გაწერილია, მეორე ნაწილში კი – პირიქით“.

„ახლა ეს ყველაფერი გადანაწილებულია მექანიკურად, თორემ რეალურად, ასე არ განისაზღვრება. თუ, ვთქვათ, ერთგან წერია 150 ლარი, საჭიროებისა და მომართვის შემთხვევაში, ეს შეიძლება იყო 250 ლარი ან 1500 ლარი, გააჩნია მდგომარეობას, ფაქტობრივ სიტუაციას.. ეს შეიძლება დაკორექტირდეს წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს“, – ამბობს გრიგოლია.

ლევან ხაბეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნავს, რომ ხელისუფლება თანხების ამგვარი გადანაწილებითა და ამ პროექტის წარდგენით უბრალოდ აჩვენებს, რომ ამ საქმის არაფერი გაეგება.

„პრობლემა ისიც არის, რომ არც ელოშვილმა და არც ხელისუფლების წარმომადგენლებმა იციან, რა წერია თავისივე გამოგზავნილ დოკუმენტში [ბიუჯეტის პროექტში]. ფაქტობრივად, თხა და გიგოსავით არის სიტუაცია – რაც დაწერეს, იმასაც არ კითხულობენ. თუ ვინმე რაიმეს მექანიკურად აკეთებს, ეს თბილისის მერიაა“, – ამბობს ხაბეიშვილი ნეტგაზეთთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი