პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლებთან ამ საკითხზე კონსულტაციბი შედგა, რომელშიც პრეზიდენტის მრჩეველიც მონაწილეობდა.
აბაშიშვილმა განმარტა, რომ მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული საკითხების გადასინჯვის ნაწილში, აუცილებელია ევროპის ცენტრალური ბანკის და მთლიანად ევროკავშირის ჩართულობა:
“ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია და მიგვაჩნია, რომ საჭიროა რეალური კონსულტაციები, ანუ პროცესში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების: EBRD-ის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ჩართვა, რაც ასოცირების დღის წესრიგითაა გათვალისწინებული. უფრო მეტსაც გეტყვით, გარდა ასოცირების დღის წესრიგისა, არსებობს ასოცირების დღის წერიგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა, რასთან მიმართებაშიც მთავრობას გამოცემული აქვს განკარგულება. მას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აწერს და მასში ნათლად წერია, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული საკითხების გადასინჯვის ნაწილში აუცილებელია ევროპის ცენტრალური ბანკის და მთლიანად ევროკავშირის ჩართულობა. ეს წერია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომელიც 2015 წელს უნდა შესრულდეს. აქედან გამომდინარე, როდესაც ამ საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით პრემიერის ხელმოწერილი მთავრობის განკარგულება იქნას შესრულებული”.
რაც შეეხება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის პოზიციას, კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახური უნდა გამოვიდეს, რითაც ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა არ შეიზღუდება.







