“საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ კანონი იქნა მიღებული 1998 წლის 18 თებერვალს და იქ არის ასეთი დებულება. ჩვენთვის დღეს ახალი ამ თვალსაზრისით არ წარმოუდგენია არავის არაფერი. ეს მუხლი მთელი თავისი არსებობის მანძილზე შეიცვალა 5-ჯერ თუ 6-ჯერ, მაგრამ ვერც ერთ ხელისუფლებას ვერ ეყო ძალა, რომ უსაფრთხოების ოფიცრების ინსტიტუტზე ეთქვა უარი.
დიახ, დღეს ჩვენ აქ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ მეტი ნაბიჯები გადავდგათ თავისუფლებისკენ, ამიტომ უნდა გვეყოს სითამამე, სწორედ ამ მთავრობას, რომ უფრო მეტი გაუკეთოს ჩვენს მოქალაქეებს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ პარლამენტში დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, სადაც შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების გამიჯვნასთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილებოდა.
“ფრაქცია რესპუბლიკელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შსს-ს ერთმანეთისაგან გამიჯნვა და მათი უფლებამოსილებების მკაფიო ჩამოყალიბება.
დიახ, პრინციპულია ჩვენთვის ეს საკითხი იმიტომ, რომ სწორედ ჩვენს ფრაქციას ჰყავს ტოტალიტარული, პოლიციური რეჟიმის შედეგად დაზარალებული ადამიანები,” – განაცხადა კორძაიამ და განსაკუთრებით პრინციპულ საკითხად გამოყო ამ რეფორმის ფარგლებში უსაფრთხოების ოფიცრების ინსტიტუტის გაუქმება.
შეგახსენებთ, რომ ახალი კანონპროექტითაც ძალაში რჩება ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი. თუმცა დღევანდელ საპარლამენტო განხილვაზე უმრავლესობიდან რესპუბლიკურმა პარტიამ იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო განხილვისთვის ეს საკითხი კანონპროექტში დარეგულირებული იქნება.