ახალი ამბები

ამ დროისთვის საქართველოში ტყის ქვედა საფარის ხანძრის 10 აქტიური კერაა

24 დეკემბერი, 2019 • 1311
ამ დროისთვის საქართველოში ტყის ქვედა საფარის ხანძრის 10 აქტიური კერაა

ამ დროისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის ხანძრის 10 აქტიური კერაა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

საგანგებოს განცხადებით, ყველა შემთხვევაში ცეცხლი უკიდია ეკალ-ბარდს, ბალახს და ფოთლებს.

მათ შორის, ხანძარია სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, სოფელ ირგანჩაისთან, სადაც უწყების თქმით, მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის სამუშაოები. პროცესში ჩართულია 80-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძარი ლოკალიზებულია.

ქვემო-ქართლი – უკანგორში კი ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს. ადგილზე მობილიზებულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი. საგანგებოში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

მარნეულის სოფელ ახკერპში იწვის ტყის ქვედა საფარი, ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

თიანეთში,  სოფელი ჩაბანოში კი ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ამასთან, ხანძარი ლოკალიზებულია დუშეთის სოფელ ახალ ტონჩასთან და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მუშაობს 15 მეხანძრე-მაშველი.

წალენჯიხის  სოფელ მუჟავასთან, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იწვის ბალახი. საგანგებოს განცხადებით, მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

მარტვილში,  სოფელ ბალდში ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 50 მეხანძრე-მაშველისგან შემდგარი ჯგუფი. უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ და დილიდან აქტიურად განახლდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ვანის  სოფელ ძულუხშიც  დილიდან ადგილზე მუშაობა განაახლა 40-მდე მეხანძრე-მაშველმა. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ცაგერის  სოფელ საირმესთან, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. საგანგებოში აცხადებენ, რომ საირმესთან მუშაობს 60 მეხანძრე-მაშველი და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

ლანჩხუთის  სოფელ მამათთან გაჩენილი ხანძარს კი, უწყების ცნობით, 100-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის ყველა აქტიურ კერასთან სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. ცეცხლის გავრცელების საფრთხე  დასახლებულ ტერიტორიაზე არ არსებობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებს და მონადირეებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს, რათა მათმა დაუდევრობამ ბუნებას დიდი ზიანი არ მიაყენოს.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ცხელი ზაფხულის შემდეგ საქართველოში შემოდგომა და დეკემბერიც მშრალი ამინდებით გამოირჩევა, რის შედეგადაც ტყის ქვედა საფარი გამომშრალია, რაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას იწვევს.

საგანგებოს თქმით, მსგავს შემთხვევებში სალიკვიდაციო სამუშაოებს რთული რელიეფი აძნელებს, რადგან კერებამდე ვერ ხერხდება სახანძრო ტექნიკის მისვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი