ახალი ამბები

ფოთის ბულვარის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 18 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

12 ივნისი, 2015 •
ფოთის ბულვარის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 18  მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ მოეწყობა შიდა მომსახურების გზა ღია ავტოსადგომებით. 370 მეტრზე აშენდება საფეხმავლო გზა და მცირე არქიტექტურული ფორმები. მთლიანად სანაპირო ზოლზე გათვალისწინებულია გაზის, ელექტროენერგიის, წყლის, საკანალიზაციო კომუნიკაციების გაყვანა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა. 

 

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზეა აღნიშნული, თვითმმართველ ქალაქ ფოთის მიერ ტენდერი 2015 წლის 13 მაისს გამოცხადდა და მასში 5-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ძირითად დროში ვაჭრობის შედეგებით, ამ ეტაპზე პირველ-მეორე ადგილს თურქული კომპანია “AGCS Muhendislik Insaat Maden Nakliye Ticaret ve Sanayii LTD. STI” და თბილისში რეგისტრირებული კომპანია შპს “ზიმო” იკავებენ. ორივე კომპანიას თანაბარი ოდენობის თანხა – 5`000`000.00 ლარი აქვთ გამოყოფილი.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ტენდერში ასევე მონაწილეობენ აზერბაიჯანული კომპანია შპს პირამიდა-ფ.რ.-ს ფილიალი (4`341`341.00) და თბილისში რეგისტრირებული კომპანია “კონვენტ ჯორჯია” (4`711`000.00) და შპს ინვესტსტროირეგიონის წარმომადგენლობა საქართველოში (4`200`000.00). სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტენდერი შერჩევა/შეფასების პროცესშია.

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ნიკოლოზ გრიგოლიას განცხადებით, ყველაზე დაბალი ფასი ვინც დადო, ამ ეტაპზე მიდის მასთან ფოთის მერიის სატენდერო დოკუმენტაციის პირობების დაზუსტება:

  

“პასუხი რამდენიმე დღეში გვეცოდინება. საბოლოო პასუხს, გააჩნია – მაგალითად, თუ კომპანია დააკმაყოფილებს ყველა პირობებებს, მათ დაახლოებით 3–4 დღის ვადა აქვთ ჩვენთვის პასუხის გასაცემად. შემდეგ გაფორმდება ხელშეკურულება და მალე დაიწყება სამუშაოები. თუ პირველ ადგილზე მყოფმა კომპანიამ ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, კანონმდებლობით, ჩვენ გადავდივართ მეორე ადგილზე მყოფ კომპანიაზე. მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილია 5 მილიონი ლარი და ეს არის გარდამავალი ტენდერი. ესე იგი, 2.5 მილიონი დაიხარჯება წელს, 2.5 მილიონი – მომავალ წელს. ამის გარდა, ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება MDF-თან და გვინდა, რომ დანარჩენი თანხაც ავიღოთ სესხად, რომ პროექტი არ გაიწელოს უსაშველოდ და ორ წელიწადში დამთავრდეს სულ.”

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე გათვალისწინებული კეთილმოწყობის სამუშაოს ტერიტორია მოიცავს პლაჟის ნაწილს მალთაყვის არხიდან ნიკოლაძის კუნძულის მიმართულებით დაახლოებით 2500 გრძ.მ და გურიის ქუჩიდან პლაჟთან მისასვლელ 3 გზას დაახლოებით 500-600 გრძ.მ. (ლერმონტოვის ქუჩიდან მისასვლელი გზა და მალთაყვის არხის მიმდებარედ პირველი გზა).

 

ფოთის მერის მოადგილის თქმით, ყველაზე დიდი თანხა სანაპირო ზოლში ტერიტორიის მოზილვას დასჭირდება: “შემდეგ უნდა დაიგოს ასფალტი და ალბათ ეს არის ყველაზე ძვირადღირებული ამ პროექტში. საერთოდ, 2.5 მილიონი ლარის შემდეგ, საერთაშორისო ტენდერია და იქ რამდენიმე უცხოური კომპანია იქნება: თურქული და აზერბაიჯანული კომპანიები.”

 

გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ტერიტორიის კეთილმოწყობა გულისხმობს შემდეგ საპროექტო სამუშაოებს:

 

– მთავარი ქუჩიდან პლაჟთან მისასვლელი 2 გზის მოწყობა;

– ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ შიდამომსახურების გზის მოწყობა;

– ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ შიდამომსახურების გზის პარალელურად საფეხმავლო გზის, გაზონის, საპარკო სკამების და ურნების მოწყობა და სხვა;

– სათვალთვალო კოშკის მოწყობა;

– გასაქირავებელი პუნქტების მოწყობა;

– საჩრდილობლების მოწყობა;

– საშხაპე კაბინების მოწყობა;

– ტუალეტების მოწყობა;

– გარე და დეკორატიული განათების მოწყობა;

– ღია ავტოსადგომების მოწყობა და ორი მისასვლელი გზა.

 

კითხვაზე, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ბულვარში განთავსებული ობიექტების ფასები ადგილობრივებისთვის და პროექტის მიხედვით, იგეგმება თუ არა ველოტრასების გაკეთება სანაპირო ზოლში, ნიკოლოზ გრიგოლია გვპასუხობს:

 

“ეს წარმოუდგენელია. ამ მხრივ პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენ ვაკეთებთ ჩვეულებრივ ბულვარს. აქ არის სამანქანო გზაც. ყველაფერი გახსნილი იქნება. ფოთში თუ ჩამობრძანდებით, თუ მოხვალთ მერიაში, შემიძლია განახოთ – გაკრულია კედელზე პროექტი, თუ რისი გაკეთება შეიძლება. ველოსიპედის გზა, მე მგონი, ჩართულია პროექტში, კი.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი