ახალი ამბები

ვალერი გელაშვილი დეპუტატი ხდება

23 დეკემბერი, 2019 • 4179
ვალერი გელაშვილი დეპუტატი ხდება

საქართველოს პარლამენტში ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე ვალერი გელაშვილია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ 12 დეკემბერს განაცხადა და მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 14-კაციანი სიის დამტკიცება დაასახელა. “ოცნების” პარტიული სიის მიხედვით, ჩრდილელის ადგილმონაცვლეობა ზაქარია ქუცნაშვილს უწევს, თუმცა მას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი მეორედ ვეღარ გახდება. შესაბამისად, ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე ვალერი გელაშვილია, რომელიც “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში 96-ე ნომრად წერია.

ვალერი გელაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მმართველ გუნდთან ამ საკითხზე კომუნიკაცია არ ჰქონია, თუმცა პარლამენტში შესვლას აპირებს.

“გუნდთან კომუნიკაცია არა მაქვს, მაგრამ ინფორმაცია მაქვს და აუცილებლად ვაპირებ [პარლამენტში შესვლას]. “ქართული ოცნების” წევრი ვარ. მოლოდინის რეჟიმში ვარ. სამჯერ მაჟორიტარი ვიყავი და ერთხელ სიით შევიდე, არ შეიძლება?! აუცილებლად შევალ. ადამიანი რომ ეჩვევი ერთ ადგილს, ყოველთვის გინდა დაბრუნება”, – განაცხადა გელაშვილმა.

ოთარ ჩრდილელის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტისა და მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობის შესახებ პარლამენტი თებერვალში, საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს.

ვალერი გელაშვილი საქართველოს სამი მოწვევის (V, VI, VIII) პარლამენტის დეპუტატი იყო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი გელაშვილი მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც არჩევნებში დამარცხდა. ხაშურის 43-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც გელაშვილი იყრიდა კენჭს, “თოფაძე-მრეწველების” კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ გაიმარჯვა, რომელიც ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.

არჩევნებში დამარცხების მიზეზად გელაშვილმა მხარდამჭერთა ნაწილისა და შტაბის წევრების ღალატი დაასახელა და თქვა, რომ თავად უფრო აქტიურად უნდა ემოქმედა.

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე სააკაშვილს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი