ახალი ამბები

კანონპროექტით თბილისის მერიას 5 ახალი ფუნქცია ემატება

12 ივნისი, 2015 •
კანონპროექტით თბილისის მერიას 5 ახალი ფუნქცია ემატება

ფუნქცია #1 – ქონების პირდაპირი განკარგვის წესი

დეპუტატების მიერ პარლამენტში წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს თბილისის მერიის მიერ ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების უფლებამოსილებას. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეს შესაძლებელს გახდის იმ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას, რომლითაც ქ.თბილისის მერიას დაევალა გარკვეული პირებისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემა, “ასევე ცვლილებით შესაძლებელი გახდება მოსახლეობის კანონიერი ინტერესების დროულად დაკმაყოფილება”.

 

“ნიშანდობლივია ისიც, რომ მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების სანაცვლოდ, ინვესტორი ხშირად ითხოვს ქონების პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემას. ზემოაღნიშნული პროცედურა გაამარტივებს დედაქალაქში ინვესტიციების მოზიდვას, გაზრდის მის შემოსავალს, შექმნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დასაქმების დამატებით შესაძლებლობას, ხოლო დედაქალაქი გამოიყენებს დაგროვებულ შემოსავალს მოქალაქეთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. გარდა პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა, პროექტის თანახმად, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო ფასის გადახდის ნაცვლად შესაძლებელი გახდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის სანაცვლო ქონების გადაცემა (გაცვლა), რაც საშუალებას იძლევა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემთხვევაში, კერძო მესაკუთრეებისგან შესაბამისი უძრავი ქონების გამოსყიდვა განხორციელდეს ექსპროპრიაციის პროცედურის გარეშე”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

აღსანიშნავია, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ დღეისათვის მოქმედ რედაქციაში წერია, რომ აღმასრულებელი ორგანოს მიერ ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება დამატებით საჭიროებს წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობას, რაც კანონპროექტების ავტორების მტკიცებით, ზღუდავს თბილისის მთავრობის, როგორც აღმასრულებელ-განმკარგულებლის ფუნქციებს და იწვევს გარკვეულ დისბალანსს თვითმმართველობის ორგანოთა შორის.

 

კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების მხოლოდ აუქციონის ფორმით პრივატიზებასა და მართვის უფლებით გადაცემას. შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პრივატიზება/მართვის უფლებით გადაცემა, ასევე თბილისის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვა მოხდება პირდაპირი განკარგვის წესითაც, რაც განმარტებითი ბარათის მიხედვით, შესაძლებლობას მისცემს თბილისს წილები, აქციები, მოთხოვნები და უფლებები საკუთრებაში ან მართვის უფლებით გადასცენ იმ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს დადგენილ პირობებს.

 

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, თბილისის საკრებულო აღარ დაამტკიცებს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას.

 

ფუნქცია #2 – კომისიების შექმნა

კანონპროექტით, თბილისის მერის ფუნქციებს დაემატა სათათბირო ორგანოების კომისიების შექმნა (73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი). კოდექსის არსებული რედაქციით მერს მხოლოდ საბჭოებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნა შეუძლია.

 

“თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ სხვადასხვა სიტუაციაში მერმა სწორედ კომისიები უნდა შექმნას და არა რაიმე სხვა ფორმის სათათბირო ორგანოები. ამდენად, აღნიშნული ცვლილებით კოდექსში გამოსწორდება ის ჩანაწერი, რომელიც პრაქტიკაში ქმნის პრობლემებს”.

ფუნქცია #3 – მერიის იურიდიული პირების მართვა

კანონპროეტის მიხედვით ცვლილება შედის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვის მარეგულირებელ დანაწესშიც (75-ე მუხლის „დ.ბ1“ ქვეპუნქტები). ჩნდება ახალი რეგულაცია, რომლითაც თბილისის მთავრობა უფლებამოსილი იქნება საკუთრებაში გადასცეს მოძრავი ქონება და ფინანსური სახსრები თავის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკმერციულ) იურიდიულ პირებს.

“პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოძრავი ქონების საკუთარი ა(ა)იპ-ებისათვის საკუთრებაში გადაცემის შეუძლებლობა სერიოზულ პრობლემებს ქმნის საკითხების ეფექტურად გადაჭრის კუთხით. მაგალითად: პრობლემები შეიქმნა მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებისათვის ისეთი სახის მოძრავი ქონების გადაცემის საკითხების გადაჭრისას, როგორიცაა: მედიკამენტები, ქიმიური რეაქტივები, საწვავი და ა.შ. მსგავსი ქონების სარგებლობაში გადაცემა აზრს მოკლებულია, ხოლო საკუთრებაში გადაცემის კონკრეტული წესი არ არსებობს. ამდენად, ცვლილებით აღნიშნული პრობლემა მოგვარდება. ასევე, გაჩნდება დანაწესი, რომლითაც დაკონკრეტდება, თუ როგორ ხდება კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წესდება(დებულების) დამტკიცება, ხელმძღვანელის დანიშვნა და მათი საქმიანობის კონტროლი. აღნიშნული ცვლილება ასევე გავრცელდება სხვა მუნიციპალიტეტებზეც”.

ფუნქცია #4 – თბილისის სსიპ-ის ხელმძღვანელის დანიშვნა

თბილისის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებით კანონპროექტით გათვალისწინებულია რამოდენიმე ცვლილება. კერძოდ, ცვლილების შესაბამისად, თბილისის სსიპ-ის ხელმძღვანელის დანიშვნა გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისი მთავრობა:

 

“ რადგანაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საკრებულოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს თბილისის მთავრობა. აღნიშნული ცვლილება გაამარტივებს სსიპ-ების მართვას საოპერაციო დონეზე, დააჩქარებს პროცესებს და თუ აქამდე ხელმძღვანელის დასანიშნად საჭირო იყო სამი აქტი, რომელიც უნდა გამოეცა ორ კოლეგიურ ორგანოს- მთავრობასა და საკრებულოს, ცვლილება შესაძლებელს გახდის მხოლოდ მთავრობის აქტის საფუძველზე მოხდეს ხელმძღვანელის დანიშვნა და გათავისუფლება. მით უმეტეს, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თბილისის სსიპ-ებზე კონტროლს ახორცილებს თბილისი მთავრობა. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებით ჩნდება დანაწესი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდება მათთვის მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა, რაც განპირობებულია იმავე მიზეზებითა და პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემებით, რომლებიც განმარტებული იყო კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებული ცვლილებების ნაწილში. ცვლილების შედეგად თბილისის სსიპ-ების გადაწყვეტილებები გასაჩივრდება თბილისის მერთან”, – აცხადებენ კანონპროექტის ავტორები.

 

ფუნქცია #5 – გრანტი და სესხის აღების გაზრდილი შესაძლებლობა

 

პროექტით ცვლილება შედის თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გრანტის მიღების რეგულაციებში. კანონპროექტის ავტორების მტკიცებით, არსებული რედაქციით გრანტის მიღების პროცესი საკმაოდ გაჭიანურებულია.

 

“იმისათვის, რათა მუნიციპალიტეტმა მიიღოს გრანტი, საჭიროა საკრებულოს წინასწარი თანხმობა, რომელიც აღმასრულებელი ორგანოს მიერ უნდა იქნეს გამოთხოვილი, ხოლო აღნიშნული თანხმობის საფუძველზე კვლავ აღმასრულებელმა ორგანომ უნდა გამოითხოვოს თანხმობა საქართველოს მთავრობისაგან. ვინაიდან თავისი შინაარსით გრანტი არავითარ დამატებით ვალდებულებებს არ წარმოშობს მუნიციპალიტეტისათვის და მხოლოდ გრანტის გამცემის მიერ კეთილი ნების საფუძველზე, ფულადი ან ნატურალური ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრებია, მათი მიღებისათვის მსგავსი გაჭიანურებული პროცედურა გაუმართლებელია. ამიტომაც, ცვლილების საფუძველზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილი იქნება საკრებულოს წინასწარი თანხმობით მიიღოს გრანტი”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში და აღნიშნულია, რომ გარდა ზემოთქმულისა, ასევე ცვლილების შესაბამისად ახლებურად რეგულირდება თბილისის მიერ ასაღები სესხის მაქსიმალური მოცულობა.

“მოქმედი კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტის მიერ აღებული სესხის საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გასული 3 საბიუჯეტო წლის მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების საშუალო წლიური ოდენობის 10 პროცენტს. ვინაიდან თბილისის მერიის წინაშე არსებული ამოცანების და შესასრულებელი სამუშაოების მასშტაბების სრულად დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს თბილისის ბიუჯეტის შემოსავლები, აუცილებელია დამატებითი სახსრების მოზიდვა. კოდექსის აღნიშნული ფორმულირების მიხედვით თბილისის მუნიციპალიტეტს აქვს შესაძლებლობა სესხის სახით აიღოს არაუმეტეს 60,0 მლნ ლარისა, რაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გადაჭრილ იქნას დღეს არსებული პრობლემები. აქედან გამომდინარე საჭიროა კოდექსის აღნიშნული ფორმულირების შეცვლა და შემდეგნაირად ჩამოყალიბება”, – აცხადებენ კანონპროექტის ავტორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი