ახალი ამბები

რაჭული ნაძვის ხეები ევროპაში და ქართველი მუშების დაბალანაზღაურებადი შრომა

23 დეკემბერი, 2019 • 4596
რაჭული ნაძვის ხეები ევროპაში და ქართველი მუშების დაბალანაზღაურებადი შრომა

რაჭიდან ევროპაში გასაყიდად გააქვთ კავკასიური (ნორდმანის) სოჭის თესლები, რომლისგანაც ევროპაში ძვირადღირებული და ყველაზე მოთხოვნადი საახალწლო ნაძვის ხეები იზრდება. იმ ადამიანებს კი, რომლებიც რაჭაში ამ ხის თესლების მოსაპოვებლად თავს საფრთხეში იგდებენ, დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ უწევთ მუშაობა. ამასთან, ამ ნაძვის ხის ფასი საქართველოში ოთხჯერ მეტია, ვიდრე დიდ ბრიტანეთში.

ამ პრაქტიკას აღწერს ბრიტანული მედიასაშუალებების, „გარდიანის“ (The Guardian) და ბი-ბი-სის (BBC-ის) მიერ დეკემბერში გამოქვეყნებული სტატიები. „გარდიანმა“ 23 დეკემბერს გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „დაბალი ანაზღაურების მქონე ქართველი მუშები, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ თქვენი ნაძვის ხისთვის“. ერთი კვირით ადრე ბი-ბი-სიმ გამოაქვეყნა სტატია იმავე ამბავზე, სათაურით: „სადაც საახალწლო ნაძვის ხეებში ერთი თვის ხელფასს იხდიან“.

უკვე რამდენიმე წელია, კავკასიური სოჭის (იგივე ნორდმანის სოჭი, ინგლისურად Nordmann fir, ლათინური სახელწოდებით Abies nordmanniana) თესლები საქართველოდან ევროპაში გასაყიდად გააქვთ. ეს წიწვოვანი ხე ფიჭვისებრთა ოჯახს ეკუთვნის, 50 მეტრამდე იზრდება და დიამეტრში 1.5 მეტრს აღწევს. ის საქართველოში ძირითად რაჭაში, ამბროლაურის სოფელ თლუღთან ხარობს.

ევროპაში ის ძალიან პოპულარულია. BBC-ის და National Geographic-ის ინფორმაციით, ეს ხე ევროპაში საახალწლო ნაძვის ხეების ბაზრის 60%-ს იკავებს. ინდუსტრია კი, როგორც Guardian-ი წერს, დიდია: კონტინენტზე ყოველწლიურად 150 მილიონი საახალწლო ნაძვი იყიდება, მათი მესამედი (და, შესაძლოა, მეტიც) საქართველოს მიწის ნაყოფია.

„ყოველწლიურად, შემოდგომა-ზამთრის მიჯნაზე, ამბროლაურის ტყე ივსება ხალხით, რომლებიც გირჩებს, უფრო ზუსტად კი, გირჩებში ჩამალულ თესლებს ეძებენ“, – წერია გარდიანის სტატიაში ჯენი გუსტაფსონის ავტორობით. მასთან საუბარში ერთ-ერთი ექპორტიორი კომპანიის წარმომადგენელი, მარიან ბოლსი ამბობს, რომ ეს სახეობა იმით გამოირჩევა, რომ წიწვები არ  სცვივა.

რაც შეეხება ადგილობრივებს, ახლომდებარე სოფლების მცხოვრებლებს – ავტორის თანახმად, საბოლოო მოგებიდან ბევრ სარგებელს ვერ ნახულობენ. ლაშა სოფრომაძე, რომელიც ამბობს, რომ ბავშვობიდან დაცოცავს ხეებზე, ამბობს, რომ ყოველწლიურად სეზონზე 1000-დან 2000 ლარამდე შოულობს (£262-დან £524-მდე). კილოს ფასი წლიდან წლამდე 1-დან 2 ლარამდეა, რაც ძალიან მცირეა ზრდასრული ხის ფასთან შედარებით.

სტატიაში ასევე ნახსენებია, რომ 1990-იან წლებში, ასევე, 2001 და 2011 წლებში, გირჩების შეგროვებისას რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 16 წლის ბიჭი. ამჟამად, როგორც სტატიაშია ნათქვამი, კომპანიები ამბობენ, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმებს იცავენ; ყოველწლიურად უტარებენ ტრენინგებს ხეებზე მცოცავებს, ერთ-ერთმა კომპანიამ იყიდა ახალი თოკები, რითაც ხეებზე უნდა აცოცდნენ და ა.შ.

მაგრამ, როგორც სტატიის ავტორი წერს, ინდუსტრიის სიმდიდრე ამბროლაურის მცხოვრებლებზეც უნდა აისახოს. სტატიაში წერია, რომ მუნიციპალიტეტს ყოველ კილოგრამზე 15 ფუნტი აქვს გადასახადად დაწესებული, თუმცა „არავინ აკონტროლებს, თუ რა რაოდენობით მოიპოვებენ გირჩებს“.

იქვე ციტირებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის, მაია ჩხობაძის კომენტარი: „გვჭირდება ხელსაწყოები, რათა უკეთ ვადევნოთ თვალი [მოპოვებას] და გადასახადიც უნდა გაიზარდოს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი