ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი: თბილისის პროტესტის გამო აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრებს თამაშის უფლება არ მისცეს

11 ივნისი, 2015 •
სოხუმი: თბილისის პროტესტის გამო აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრებს თამაშის უფლება არ მისცეს

ConIFA-ს ჩემპიონატში მონაწილეობას ის ქვეყნები იღებენ, რომლებიც არ შედიან FIFA-ში. აქამდე აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრები აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილეობდა.

 

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სპიკერის, მადინა ბგანბას ცნობით, აფხაზეთს უარი თბილისის პროტესტის გამო უთხრეს. 

 

“ConIFA-ს მიერ უნგრეთში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაზე აფხაზეთის ნაკრებმა უარი მიიღო. ამ შინაარსის წერილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ჯემალ გუბაზის სახელზე უნგრეთის ფეხბურთის  ფედერაციიდან მოვიდა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მრავალჯერადი პროტესტების შემდეგ იყო მიღებული”, – განაცხადა ბგანბამ.

 

სოხუმის ცნობით, აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი სამხრეთ ოსეთმა და ჩრდილოეთ კვიპროსმაც მიიღეს. 

 

ConIFA-ს ჩემპიონატი მიმდინარე წლის 17-21 ივნისს უნგრეთის ქალაქ დებრეცენში ტარდება. 

 

დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია 2013 წელს დაფუძნდა. ConIFA აერთიანებს იმ ქვეყნებისა და ავტონომიების საფეხბურთო ნაკრებებს, რომლებიც FIFA-ს წევრები არ არიან. აღნიშნულ ჩემპიონატში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უკვე მონაწილეობდნენ.


ფოტო: sputnik
ფოტო: sputnik

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


 

მასალების გადაბეჭდვის წესი