ნეტგაზეთი | “ლელოს” ყრილობაზე პოლიტსაბჭოს წევრები და პარტიის სხვა ლიდერები აირჩიეს “ლელოს” ყრილობაზე პოლიტსაბჭოს წევრები და პარტიის სხვა ლიდერები აირჩიეს – Netgazeti
RU | GE  

“ლელოს” ყრილობაზე პოლიტსაბჭოს წევრები და პარტიის სხვა ლიდერები აირჩიეს

22 დეკემბერს შედგა პარტია „ლელოს“ დამფუძნებელი ყრილობა. სიტყვით გამოვიდნენ პარტიის სხვადასხვა ლიდერები, მათ შორის პარტიის თავმჯდომარედ არჩეული „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.

ყრილობაზე დელეგატებმა პარტიის სხვადასხვა პოსტსა და საბჭოში ფუნქციონერები აირჩიეს.

პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს მამუკა ხაზარაძე, გენერალურ მდივნად – ბადრი ჯაფარიძე, ხოლო პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გახდა. გარდა ამისა, დელეგატებმა აირჩიეს პოლიტსაბჭოს და სხვა ორგანოების წევრები.

პოლიტსაბჭო კი  17 წევრით დაკომპლექტდა ნათ შორის არიან დეა მტრეველი, გრიგოლ გეგელია, ანა ნაცვლიშვილი, ირაკლი კუპრაძე, დავით უსუფაშვილი და სხვები.

ლელოს პოლიტსაბჭოს წევრთა სრული სია

 კახა ხაზარაძე – ბიზნესმენი. საერთაშორისო  კორპორაცია “აი სი არ”-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მრავალი კომერციული ორგანიზაციის დამფუძნებელი და მმართველი.

ლაშა ბაქრაძე – ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, საბჭოთა კვლევების ლაბორატორიის თანადამფუძნებელი. 

საბა ბუაძე – იურისტი, საჯარო მმართველობის სპეციალისტი. მუშაობს კორუფციის, გამჭვირვალობისა და საჯარო ფინანსების საკითხებზე. 

მედეა მეტრეველი – ფილოლოგიის დოქტორი.  ხელმძღვანელობდა ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს და 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტს. 2018 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი.

გრიგოლ გეგელია – პოლიტიკური თეორიის დოქტორი. კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, მიწვეული ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში.  

სოსო (მალხაზ) ვახტანგაშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატი გორიდან; მინისტრის მოადგილე კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში.

ანა ნაცვლიშვილი – იურისტი, უფლებადამცველი. იყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე; სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; იყო საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი.

თამაზ დათუნაშვილი –  ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი, ილიას უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 

მამუკა კაციტაძე – ინჟინერმშენებელი; სამართლმცოდნე. საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატი.

კახა კოჟორიძე – იურისტი. იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე; სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი. 

თამარ შავგულიძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. კულტურის მკვლევარი. სამხატვრო აკადემიაში ხელმძღვანელობს მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამების რეფორმირების.

გია მორდეხაშვილი – ბიზნესმენი. მრავალი საერთაშორისო კომპანიის დამფუძნებელი და მმართველი. 27 წლიანი ემიგრაციაში ყოფნის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.

ირაკლი კუპრაძე – საჯარო სამართლის იურისტი. სამოქალაქო აქტივისტი. იყო სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და თანადამფუძნებელი.

დავით უსუფაშვილი – იურისტი. 1993-1995 წლებში მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში, იყო შესაბამისი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი პირველი თავმჯდომარე. მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე.

ფიქრია ჩიხრაძე –  ფილოლოგი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს უნივერსიტეტის პრეს-კლუბის დამფუძნებელი და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი; სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი. საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის  მრჩეველი.

გიორგი კანაშვილი – კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტი, კავკასიური კვლევების მაგისტრი. იყო კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი. 

ბადრი ჯაფარიძე – ბიზნესმენი, ფსიქოლოგი. საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი. თიბისი ბანკის დამფუძნებელი. ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი საქართველოში. 

ხაზარაძის თქმით, თანამოაზრეებთან ერთად იწყებს „დიდ და მასშტაბურ საქმეს“, რომელიც „ქვეყანაყას ეძღვნება“. მისივე თქმით, ქვეყანას გააჩნია უზარმაზარი პოტენციალი, „რომელსაც, სამწუხაროდ, დღემდე ვერ ვიყენებთ“.

გარდა ამისა, ხაზარაძემ განაცხადა, რომ „დღევანდელი ხელისუფლების უუნარობა, არაპროფესიონალიზმი, კორუფცია და ნეპოტიზმი ქვეყანას განსაცდელში აგდებს. მას ფაქტობრივად მართავს ერთი ადამიანი, რომელსაც დასაკუთრებული აქვს ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი და მთელი მმართველობითი ვერტიკალი.

ის აფერხებს დიდი საერთაშორისო პროექტების განხორციელებას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას და საქართველოს შრომისუნარიან მოსახლეობას უცხოეთში სამუშაოდ აგზავნის. რა არის ჩვენი ხელისუფლების გეგმა? მარიხუანას მოყვანა? აზარტული თამაშები? ეს დაუშვებელია და ასეთი პოლიტიკის შედეგი იქნება „საქართველო ქართველების გარეშე“.

ხაზარაძემ აგრეთვე განაცხადა, რომ „პოლიტიკურ სივრცეში ჩამოყალიბდა ორპოლუსიანი სისტემა, რომელსაც მორალურად გაკოტრებული და ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი პოლიტიკური ძალა მართავს. სწორედ „ლელო“ არის ამის ალტერნატივა და სწორედ „ლელო“ გახდება ქართული საზოგადოების გამაერთიანებელი!“.

ხაზარაძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ „ჩვენს თვალწინ სხვადასხვა ფორმით თავს ესხმიან ქვეყნის სულიერ საყრდენს – მართლმადიდებელ ეკლესიას, რადგან ეკლესია, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუცია და მისი გავლენა მათ ბევრ რამეში უშლით ხელს“.

ხაზარაძემ აგრეთვე ისაუბრა ქვეყნის საგარეო კურსზე – „ჩვენ ვაცხადებთ, რომ ევროატლანტიკური სივრცე ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია“ და ანაკლიის პორტზე – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქალაქი ანაკლია უნდა აშენდეს! ეს არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ამოცანა, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ რუსეთის ინტერესის გამო შეაჩერა“.

ამავე თემაზე:

“ახალი მემარჯვენეები” და “შენების მოძრაობა” “ლელოში” გაერთიანდნენ

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: realnikaburduli@gmail.com