ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შოთა სინაურიძესა და გელა უშხვანს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ნუგზარ ბუჩუაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, ლაშა კვანტალიანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, სოლომონ დაშნიანს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო თეიმურაზ გურეშიძეს 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით მიუსაჯა.
რაც შეეხება ამ საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულს, გიორგი შემაზაშვილს, პროკურატურის ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ის 2014 წლის 5 ნოემბერს დამნაშავედ სცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1000 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეუფარდა.
საქართველოს მთავრი პროკურატურის ინფორმაციით, 2013 წლის 12 მაისს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N14 დაწესებულებაში კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, ქურდული წესების მიმდევრებმა, ლაშა კვანტალიანმა, შოთა სინაურიძემ, გელა უშხვანმა, გიორგი შემაზაშვილმა, სოლომონ დაშნიანმა, ნუგზარ ბუჩუაძემ და თეიმურაზ გურეშიძემ, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტისათვის ხელის დარტყმის გამო, „ქურდულ სამყაროში“ დამკვიდრებული წესების შესაბამისად, მკაცრად დასჯის მიზნით, ხელებითა და ფეხებით, ასევე ელექტროჩაიდანისა და ვენტილატორის მყარი დეტალის გამოყენებით, გონების დაკარგვამდე ჯგუფურად სცემეს პატიმარი ლევან კორტავა, რომელმაც განხორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები შუბლის, ორივე თვალბუდის, მარჯვენა საფეთქლის და ცხვირის მიდამოში, სისხლჩაქცევებით ქალას რბილი საფარის ქსოვილში, რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ასევე მიიღო ცხვირის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა.
ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები პასუხისგებაში სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, 117-ე მუხლის მეხუთე და მეექვსე ნაწილებითა და 2231მუხლის პირველი ნაწილით მიეცნენ.
პროკურატურის ცნობით, ამავე ფაქტზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს სსკ-ის 332-ე და 375-ე მუხლებით – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, გრძელდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N14-ე დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა.