ახალი ამბები

ფეისბუკისთვის რეპუტაციული პრობლემები არახალია – ზალკალიანი

21 დეკემბერი, 2019 • 2278
ფეისბუკისთვის რეპუტაციული პრობლემები არახალია – ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ ფეისბუკს თავად აქვს რეპუტაციული პრობლემა. ზალკალიანი უარყოფს ფეისბუკის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში გაუქმებული ასეულობით დეზინფორმაციული გვერდის ფუნქციონირებასთან სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაა დაკავშირებული

“არამც და არამც არ ვადასტურებ და კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის [ეს ბრალდება], რადგან ვიცი და ვარ ხელისუფლების ნაწილი. დარწმუნებული ვარ, ის ოფიციალური საიტები, რომლითაც ხელისუფლება ხალხთან ახდენს კომუნიკაციას, არის ოფიციალური საიტები”, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა ფეისბუკის რეპუტაცია.

“ფეისბუკისთვის რეპუტაციული პრობლემები არახალია. ჩვენ გვახსოვს, რომ ცოტა ხნის წინ თავად ფეისბუკს მოუწია გამოსვლა აშშ-ის კონგრესში და იქ კონგრესმენებისთვის ბევრი პასუხის გაცემა [კემბრიჯ ანალიტიკას სკანდალი]. აქედან გამომდინარე, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც გამოწვეულია ფეისბუკის შიგნით არსებული გარკვეული პრობლემებით და აქედან გამომდინარე, მათი მცდელობა ემსახურება არაავთენტური ანაგრიშების გამოვლენასა და გაუქმებას”, – თქვა ზალკალიანმა.

მინისტრი ირწმუნება, რომ ხელისუფლება არ ხარჯავს ფულს დეზინფორმაციული კამპოანიებისთვის და პირიქით, ის თავად არის ამის მსხვერპლი.

“პირიქით, ფეიკნიუსებით ხდებოდა ხელისუფლების დაბულინგება და დაშანტაჟება. არ გაუქმებულა არცერთ ანგარიში, საიდანაც ხდებოდა ხელისუფლების წინააღმდეგ ყალბი ინფორმაციის გავრცელება”, – აღნიშნა ზალკალიანმა “იმედის” ეთერში.


Facebook-ის ინფორმაციით, საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმეს, რადგან დაადგინეს, რომ ამ გვერდებს ყალბი ანგარიშის მქონე პირები იყენებდნენ.

Facebook-ის ცნობითვე, ეს გვერდები ავრცელებდნენ ძირითადად ადგილობრივ ამბებს. ისინი თავს ასაღებდნენ მედიასაშუალებებად და  აკრიტიკებდნენ ოპოზიციურ პარტიებსა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები ვინაობისა და კოორდინირებულად მოქმედების დაფარვას ცდილობდნენ, ჩვენ შევძელით და გამოვარკვიეთ, რომ ისინი დაკავშირებულნი იყვნენ სარეკლამო სააგენტო “პანდასთან” და საქართველოს ხელისუფლებასთან”, – წერს Facebook, რომელიც ასევე დასძენს, რომ ამ გვერდებმა თავიანთი ინფორმაციის რეკლამირებაში 300 ათას დოლარზე მეტი დახარჯეს.

ინტერნეტის რეაქცია გვერდების წაშლაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი