ახალი ამბები

მდინარაძის თქმით, ოცნებას დეზინფორმაციის საწინააღმდეგო რეგულაციების დაწესება სურს

21 დეკემბერი, 2019 • 1536
მდინარაძის თქმით, ოცნებას დეზინფორმაციის საწინააღმდეგო რეგულაციების დაწესება სურს

მას შემდეგ, რაც Facebook-მა ასეულობით დეზინფორმაციული ფეისბუკ გვერდი გააუქმა და მასთან კავშირში “ქართული ოცნების” ხელისუფლება დაადანაშაულა, მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დეზინფორმაციის საწინააღმდეგო რეგულაციებზე მუშაობის დაწყება სურთ.

“ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა რეგულაციებზე, რომლებიც საზოგადოების დეზინფორმაციის პრევენციას მოახდენენ. დარწმუნებული ვარ, მალევე გამოჩნდებიან ამის წინააღმდეგ წამსვლელი ადამიანები და იტყვიან, რომ რისკის ქვეშ დგება სიტყვის თავისუფლება. ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომელი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები და მხარდამჭერები იქნებიან ეს ადამიანები”, – წერს მამუკა მდინარაძე თავის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.

გარდა ამისა, მდინარაძე უარყოფს “ქართული ოცნებისა” და მისი მენეჯმენტის კავშირს დეზინფორმაციული გვერდების მართვასთან და ირწმუნება, რომ შესაძლოა ამაში ხელისუფლების რიგითი მხარდამჭერები იყვნენ ჩართული. Facebook-ის ცნობით, ამ დეზინფორმაციულმა გვერდებმა მხოლოდ ინფორმაციის დარეკლამებაში 300 ათას დოლარზე მეტი (მილიონ ლარამდე) დახარჯეს.

“თუმცა გაუქმებული ანგარიშების უდიდესი ნაწილი, ჩანს, რომ მხარს უჭერდა ხელისუფლებას ან ავრცელებდა ნეგატიურ ინფორმაციას ნაცმოძრაობასა და მის დანაყოფებზე (რაც პრინციპში არც დიდ სირთულეს წარმოადგენს და არც ტყუილების თქმას საჭიროებს)”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

“ქართული ოცნების” დეპუტატი დეზინფორმაციის გავრცელებაში ოპოზიციას ადანაშაულებს. ის ასევე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები საქართველოს პარტნიორებს “ისტერიულად, პერსონალურად წერენ ნეგატიურ და ყალბ ინფორმაციებს”, რათა მათ გააკეთონ ნეგატიური კომენტარები საქართველოს ხელისუფლებაზე. მდინარაძისცე განცხადებით, ოპოზიცია “ისტერიულად არეპორტებს” ხელისუფლების მხარდამჭერ ფეისბუკ გვერდებს.

“იმის მიუხედავად, რომ მოცლილი ხალხისთვის (სხვა საქმე ვისაც არ აქვს) არაავთენტური ანგარიშების დარეპორტება და გაუქმება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, დღეს facebook-ში ზეიმი აქვთ ნაცებს, მათ ბოტებს და ტროლებს, “ოცნების” ბოტები და ტროლები გააუქმესო. სინამდვილეში “ქართულ ოცნებას” ნაც.მოძრაობის და მისი სატელიტებისგან განსხვავებით, მხარს ბოტები და ვირტუალური ადამიანები კი არ უჭერენ, არამედ ნამდვილები. ნამდვილები, რომლებსაც ვერავინ ვერასდროს მოერევა და ვერავინ ვერასდროს გააუქმებს!”, – წერს მამუკა მდინარაძე.


Facebook-ის ინფორმაციით, საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმეს, რადგან დაადგინეს, რომ ამ გვერდებს ყალბი ანგარიშის მქონე პირები იყენებდნენ.

Facebook-ის ცნობითვე, ეს გვერდები ავრცელებდნენ ძირითადად ადგილობრივ ამბებს. ისინი თავს ასაღებდნენ მედიასაშუალებებად და  აკრიტიკებდნენ ოპოზიციურ პარტიებსა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები ვინაობისა და კოორდინირებულად მოქმედების დაფარვას ცდილობდნენ, ჩვენ შევძელით და გამოვარკვიეთ, რომ ისინი დაკავშირებულნი იყვნენ სარეკლამო სააგენტო “პანდასთან” და საქართველოს ხელისუფლებასთან”, – წერს Facebook, რომელიც ასევე დასძენს, რომ ამ გვერდებმა თავიანთი ინფორმაციის რეკლამირებაში 300 ათას დოლარზე მეტი დახარჯეს.

ინტერნეტის რეაქცია გვერდების წაშლაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი