“მთის მინისტრის იდეის შესახებ ჩემთვის არაფერი არ არის ცნობილი, მაგრამ იმ ძალიან აქტიური დისკუსიიდან გამომდინარე, რაც 10 წუთის წინ ბიუჯეტის შესახებ შედგა, პრაქტიკულად გამორიცხულია ახალი სამინისტროს შექმნა, ყოველ შემთხვევაში წელს, და ალბათ გაისადაც,”– განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს პარლამენტის წევრის, გია ჟოჟოლიანის ცნობით, ინიციატივა მთის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ მას და კიდევ 3 დეპუტატს, მირიან წიკლაურს, ირაკლი ტრიპოლსკისა და ვიქტორ ჯაფარიძეს ეკუთვნით. ჟორჟოლიანმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ მთის მინისტრის აპარატის შექმნის საკითხს იზიარებდნენ როგორც უმრავლესობა, ასევე მთავრობის წევრებიც.
რაც შეეხება ახალი სამინისტროს აპარატის შექმნის ვადებს, გია ჟორჟოლიანი ვარაუდობს, რომ თუკი პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს მიიღებს, ეს მომავალი წლიდან იქნება შესაძლებელი.




