ახალი ამბები

აშშ-ის მთავრობა განაჩენის ლეგიტიმურობას არ აღიარებს – საელჩო ვაჟა გაფრინდაშვილზე

21 დეკემბერი, 2019 • 2877
აშშ-ის მთავრობა განაჩენის ლეგიტიმურობას არ აღიარებს – საელჩო ვაჟა გაფრინდაშვილზე

საქართველოში აშშ-ის საელჩო ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს მიერ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის დღეს, 20 დეკემბერს, გამოტანილ განაჩენს არალეგიტიმურს უწოდებს. საელჩო მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთში იმ პირებს, რომლებსაც ამ ხელისუფლებაზე გავლენა აქვთ, გაათავისუფლონ ვაჟა გაფრინდაშვილი.

“აშშ-ის მთავრობა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას და არც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისადმი გამოტანილ დღევანდელი განაჩენის ლეგიტიმურობას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციაში არსებულ პირებს, რომელთაც მათზე გავლენა აქვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი გაფრინდაშვილი.

შეერთებული შტატები ამ სამწუხარო შემთხვევას ხედავს როგორც მორიგ სიმპტომს უფრო დიდი პრობლემისა, რაც არის ოკუპაცია და აგრესია. აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა მოხდა სხვა დაკავებების ფონზე, ასევე გაუარესებულია ჰუმანიტარული სიტუაცია, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანთა ცხოვრებას, როდესაც ისინი ვერ იღებენ საჭირო სამედიცინო დახმარებას და გაუარესებულია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ სიტუაცია, რაც ზედმეტად უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებასა და ყოფაზე ორივე მხარეს. ჩვენ ვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, სადაც ამ კონკრეტულ და ფართო საკითხებს ყველა შესაბამისი მხარის წინაშე ვაყენებთ”,-წერია საელჩოს განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს, 20 დეკემბერს, ცხინვალის სასამართლომ არ გაათავისუფლა. გაფრინდაშვილს ცხინვალში ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალდების მხარემ გაფრინდაშვილისთვის 2- წლიანი პატიმრობა მოითხოვა.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების თავდაპირველ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი