ახალი ამბები

პროკურატურამ “კაბელების საქმის” მასალების ნაწილს საიდუმლო გრიფი მოხსნა

11 ივნისი, 2015 •
პროკურატურამ “კაბელების საქმის” მასალების ნაწილს საიდუმლო გრიფი მოხსნა

“ადვოკატებმა პირველივე სხდომაზე იშუამდგომლეს და მოითხოვეს სასამართლო პროცესების დახურვა. ამის შემდეგ ყველა მტკიცებულების განხილვა მოხდა დახურულ სასამართლო სხდომაზე, საიდუმლო რეჟიმში. განჩინება, რომელიც გავასაჩივრეთ, გამოცხადდა დახურულ სხდომაზე, ვინაიდან ის შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას. სწორედ ამის გამო დაიშტრიხა განჩინების გარკვეული ნაწილი და ამ ფორმით გადაეცა ადვოკატებს. მოგეხსენებათ, მათ არ აქვთ დაშვება ამ კატეგორიის ინფორმაციაზე. მას შემდეგ, რაც შევიტანეთ აღნიშნული საჩივარი, ჩვენ კვლავ მივმართეთ კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელმაც გამიჯნა საჩივარში საიდუმლო და არასაიდუმლო ნაწილი. ამის შემდეგ შევასრულეთ პირობა და მივაწოდეთ საჩივარი ადვოკატებს. ეს პროცედურული საკითხები ძალიან კარგად არის ცნობილი ადვოკატებისთვის,”- განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა “რუსთავი 2”-ის ეთერით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, 6 ივნისს “კაბელების საქმის” დახურულ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდების მტკიცებულების – სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის გამოკვლევითი და დასკვნითი ნაწილების დაუშვებლად ცნობის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავარმა პროკუტრატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

 

პროკურატურის ცნობით, მათ სააპელაციო საჩივარი საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გადააგზავნეს, რათა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოდან მიიღონ დასკვნა, თუ სააპელაციო საჩივრის რა ნაწილის გასაჯაროება შეიძლება.

 

“კაბელების საქმეზე” საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ 2 მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა

მასალების გადაბეჭდვის წესი