ახალი ამბები

პარლამენტთან ჟურნალისტების აქცია გაიმართება

20 დეკემბერი, 2019 • 1679
პარლამენტთან ჟურნალისტების აქცია გაიმართება

ხვალ, 21 დეკემბერს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტის ორგანიზებით პარლამენტთან აქცია გაიმართება.

აქციაზე მედიის წარმომადგენლები ბოლო პერიოდში მომრავლებულ ხელშეშლის ფაქტებს გააპროტესტებენ. ქარტიაში მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობებსა და ხელშეშლაზე ხელისუფლებას არასათანადო რეაქცია აქვს.

“ხშირად ზეწოლის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება ფორმალურ სახეს ატარებს და არ მიმდინარეობს კანონით დადგენილი წესით და შესაბამისი კვალიფიკაციით. არცთუ იშვიათად მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები თავად ახდენენ მედიაზე ძალადობის წახალისებას.

ბოლო პერიოდში ასეთი მრავალი ფაქტი დაგროვდა: თბილისის საკრებულოს შენობიდან და პარლამენტის კომიტეტიდან მედიის წარმომადგენლების გამოძევება, ქუჩებში – აქციებზე მომუშავე ჟურნალისტებზე თავდასხმა, პოლიტიკოსების მხრიდან შეურაცხყოფის ფაქტების მომრავლება, საჯარო ინფორმაციის მიღების გართულება, აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები და ა.შ.”,-აცხადებენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში.

მათივე ცნობით, საპროტესტო აქციაში მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსული ჟურნალისტები მიიღებენ და  ხელისუფლებას სწრაფი და ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

“აქციის დღეს, 21 დეკემბერს, 6 თვე სრულდება ე.წ “გავრილოვის ღამის” საპროტესტო აქციის დაშლიდან, სადაც მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაზიანდა, თუმცა ამ ფაქტის შესახებ ეფექტური გამოძიება და ჟურნალისტების დაშავებაში მონაწილე პირების გამოვლენა და დასჯა დღემდე არ მომხდარა”,-წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი