ახალი ამბები

უკანონო მოსმენების გამო პოლონეთის პარლამენტის სპიკერი და სამი მინისტრი გადადგა

11 ივნისი, 2015 •
უკანონო მოსმენების გამო პოლონეთის პარლამენტის სპიკერი და სამი მინისტრი გადადგა

პოლონეთის სეიმის სპიკერმა რადოსლავ სიკორსკიმ, ჯანდაცვის, ეკონომიკის და სპორტის მინისტრებმა განაცხადეს, რომ მათ ასევე დატოვეს მემარჯვენე-ცენტრისტული “სამოქალაქო პლატფორმის” პარტია.

 

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, თანამდებობების დატოვება არჩევნებამდე 4 თვით ადრე მოხდა.

 

ბიბისის ცნობით, ვარშავის რესტორნებში პოლონეთის ოფიციალური პირების პირადი საუბრებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციების უკანონო ჩაწერები 2013-14 წლებში ხორციელდებოდა.

 

როგორც BBC იუწყება, უკანონო მოსმენების შესახებ ინფორმაცია პირველად ჟურნალ “ვპროსტში” გამოქვეყნდა, რამაც ბევრი პოლონელის განრისხება გამოიწვია ჩანაწერების შინაარსის გამო, კერძოდ, პოლონელი პოლიტიკოსები არაპოლიტორექტულ ტერმინებს გამოიყენებდნენ.

 

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთში ინფორმაციის მოძიების მიზნით მოსმენების განხორციელება უკანონოა, ამ ფარული ჩანაწერების გამოაშკარავებამ მწვავე დარტყმა მიაყენა პოლონეთის მთავრობას.

 

ბიბისის ინფორმაციით, საქმეში ასევე ფიგურირებს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან რესტორნის მიმტანები. გამოცემის ცნობით, ზოგიერთმა მედიამ ეს ამბავი უკვე შეადარა გახმაურებულ “ვოტერგეიტის” სკანდალს.

 

“როგორც პრემიერ-მინისტრი, მე აღარ დავუშვებ, პოლიტიკურ თამაშებში მეტი ფირების შეგროვებას,” – ციტირებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, ევა კოპაჩის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა.

 

რადოსლავ სიკორსკი, ფოტო: EPA
რადოსლავ სიკორსკი, ფოტო: EPA

 

“დღეს, სამოქალაქო პლატფორმის სახელით, მინდა გულწრფელი ბოდიში მოვუხადო პარტიის მხარდამჭერებს, რომლებმაც მოისმინეს ეს გამაღიზიანებელი ფირები და გამოთქვეს უკმაყოფილება,” – აცხადებს კოპაჩი.


ერთ-ერთ ჩანაწერში მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ კამერონს ევროკავშირში მისი საქმიანობის გამო “არაკომპეტენტურს” უწოდებს.

 

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, სიკორსკიმ ასევე თქვა, რომ ვარშავის ალიანსი ამერიკასთან არის უმიზნო.

 

ბიბისის ცნობით, ვულგარული ენის გამოყენებით, მან პოლონური პირფერობა შეადარა ამერიკისათვის ორალური სექსის შეთავაზებას. გამოცემის ინფორმაციით, მან ასევე გააფრთხილა ყყველა, რომ მსგავსი რამ გამოიწვევს კონფლიქტს გერმანელებთან და რუსებთან.

 

როგორც BBC იტყობინება, სიკორსკიმ არ უარყო უხამსი ლექსიკის გამოყენება.

 

კიდევ ერთ ჩანაწერში შინაგან საქმეთა მინისტრი, ბართლომე სინკიევიჩი ეკითხება ქვეყნის ცენტრალური ბანკის უფროსს, გააძლიეროს ქვენის ეკონომიკა, რათა ხელისუფლებაში მათი თავიდან არჩევის შანსები გაიზარდოს.

 

პოლონეთის კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის ცენტრალური ბანკი დამოუკიდებელი უნდა იყოს პოლიტიკაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი