ახალი ამბები

₾700 000-ის ღირებულების მიწა – თაღლითობის ბრალდებით საჯარო მოხელეები დააკავეს

20 დეკემბერი, 2019 • 1105
₾700 000-ის ღირებულების მიწა – თაღლითობის ბრალდებით საჯარო მოხელეები დააკავეს

საქართველოს პროკურატურა იუწყება, რომ 700 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის- საჯარო მოხელეები.

„ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობის ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის, კრწანისის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი დ.კ., გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში ბ.ლ., ასევე მოქალაქეები ზ.ბ. და რ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტის, ნ.გ-ს და მოქალაქე ვ.ზ-ს მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილებები“, – აცხადებს პროკურატურა.

განცხადების თანახმად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016-2019 წლებში ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენის გზით თაღლითურად ეუფლებოდნენ გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში და ქ.თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს.

„ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ 49 644 კვ.მ ფართობის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს მიაყენეს დაახლოებით 700 ათასი ლარის მატერიალური ზიანი“, – იუწყება პროკურატურა.

გამოძიება გრძელდება „თაღლითურად დაუფლებული სხვა მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირების და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების დადგენის მიზნით“.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი შესაძლო ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი