ახალი ამბები

გვენეტაძე და მოსამართლეები ივანიშვილთან “კაბელების საქმეზე” გარიგებას არ ადასტურებენ

10 ივნისი, 2015 •
გვენეტაძე და მოსამართლეები ივანიშვილთან “კაბელების საქმეზე” გარიგებას არ ადასტურებენ

“შეურაცხმყოფელია სასამართლო კორპუსისათვის ეს განცხადებები. არავითარი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ მაქვს,”– აცხადებს გვენეტაძე.

 

ირაკლი ალასანია ამბობს, რომ “კაბელების საქმეზე” ივანიშვილისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღების სანაცვლოდ, სასამართლოების თავმჯდომარეები, რომლებიც, იუსტიციის სამინისტროსა და უზენაესი სასამართლოს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ვადაზე ადრე უნდა გათავისუფლებულიყვნენ, თავიანთ თანამდებობებს შეინარჩუნებენ.

 

“რუსთავი 2″–ის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით ივანიშვილთან შეხვედრაზე იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე

 

დღეს ეს ინფორმაცია დასახელებულმა სამივე მოსამართლემ უარყო.

 

“პირდაპირ ვადასტურებ, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა არ მქონია,”– ამბობს ლევან მურუსიძე

 

ვალერი ცერცვაძემ განაცხადა, რომ ამ საკითზე არავითარი შეხვედრა და გარიგება არ ყოფილა, მიხეილ ჩინჩალაძე კი მის განცხადებებს სასამართლოზე ზეგავლენის მცდელობად აფასებს:

 

“რეალურად, ეს არის პირდაპირი ჩარევის მცდელობა სასამართღლოზე გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. მე ამას სხვა ვერაფერს დავარქმევ. შესაბამისად, ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ მოიპოვებს იმიტომ, რომ ბუნებაში ასეთი შეხვედრა არ ყოფილა,”– განაცხადა მიხეილ ჩინჩალაძემ. 

 

ირაკლი ალასანია ამბობს, რომ როგორც კი შესაბამისი მტკიცებულებები ექნება, მას საზოგადოებას გააცნობს. მისი განცხადებით, სასამართლოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები ცხადყოფს, რომ ასეთი გარიგება მართლაც შედგა.

 

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კანონპროექტში ამ ცვლილებების შეტანა ვენეციის კომისიის შენიშვნას დაუკავშირა და განაცხადა, რომ “კაბელების საქმესთან” ვერანაირ კავშირს ვერ ხედავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი