ახალი ამბები

პროკურატურა: “კაბელების საქმეზე” გასაჩივრებული განჩინება სასამართლომ გაასაიდუმლოვა

10 ივნისი, 2015 •
პროკურატურა: “კაბელების საქმეზე” გასაჩივრებული განჩინება სასამართლომ გაასაიდუმლოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, 6 ივნისს “კაბელების საქმის” დახურულ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდების მტკიცებულების – სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის გამოკვლევითი და დასკვნითი ნაწილების დაუშვებლად ცნობის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავარმა პროკუტრატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

 

დაცვის მხარეს პრეტენზია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრება საიდუმლო გრიფით მოხდა. 

 

“გრიფის დადება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დარჩეს ამ საჩივრის დეტალები, რომელზეც პროკურატურა ცდილობს თეთრზე შავი თქვას,”– ამბობს “კაბელების საქმეზე” ბრალდებულთა ადვოკატი სოსო ბარათაშვილი.

 

პროკურატურა საპასუხო განცხადებაში კი ამტკიცებს, რომ მათ არ ქონდათ უფლებამოსილება, საიდუმლო განჩინება არასაიდუმლო საჩივრით გაესაჩივრებინათ. 

 

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულების დაუშვებლობასთან დაკავშირებით განჩინების სამოტივაციო ნაწილი გამოაცხადა დახურულ საასამართლო სხდომაზე, ვინაიდან ჩათვალა, რომ განჩინების სამოტივაციო ნაწილი მოიცავდა საიდუმლო ინფორმაციას, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით ხსენებული განჩინება გასაიდუმლოვდა.

 

“ვინაიდან ბრალდების მხარე არ ეთანხმებოდა სასამართლოს ხსენებულ საიდუმლო განჩინებას დაუსაბუთებლობის მოტივით, გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ სააპელაციო წესით. იქიდან გამომდინარე, რომ გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება არის საიდუმლო, ჩვენს განჩინებასაც ავტომატურად მიენიჭა საიდუმლო გრიფი, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში საუბარია საიდუმლო განჩინების დეტალებზე, ასევე დანართად დართული აქვს საიდუმლო დოკუმენტაცია,”– აცხადებს პროკურატურა

 

პროკურატურა მათ მიერ საიდუმლო გრიფით გასაჩივრებულ განჩინებებთან დაკავშირებით დაცვის მხარის განცხადებებს “აშკარა ტყუილს” უწოდებს:

 

“საქართველოს პროკურატურა არ იყო უფლებამოსილი, რომ საიდუმლო განჩინება გაესაჩივრებინა არასაიდუმლო საჩივრით და სწორედ ამიტომ ჩვენ ვიყავით ვალდებული ჩვენი საჩივრისთვის მიგვენიჭებინა საიდუმლო გრიფი, რომ არ დარღვეულიყო სახელმწიფო საიდუმლოება,”– ნათქვამია განცხადებაში. 

 

მათი განცხადებით, დაცვის მხარეს არ გამოუთქვამს პრეტენზია, რომ გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება საიდუმლო იყო, ამიტომ მათ განცხადებებს იმ აბსურდული პიარკამპანიის გაგრძელებად აფასებს, რომლის ერთადერთ მიზანს საქართველოს პროკურატურის და გამოძიების პროცესის დისკრედიტაცია წარმოადგენს.

 

პროკურატურა ამბობს, რომ მათი სააპელაციო საჩივარი გადაგზავნილია საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, რათა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოდან მიიღონ დასკვნა, თუ სააპელაციო საჩივრის რა ნაწილის გასაჯაროება შეიძლება. შესაბამისი დასკვნის მიღების შემდგომ, პროკურატურა აცხადებს, რომ სააპელაციო საჩივრის არასაიდუმლო ნაწილზე საიდუმლო გრიფს აუცილებლად მოხსნიან. 

 
 
“კაბელების საქმეზე” საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ 2 მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა

მასალების გადაბეჭდვის წესი