ახალი ამბები

2018-ში პოლიციელთა მიერ დამცირებასა და წამებაზე 35 გამოძიება დაიწყო, თუმცა ბრალდებული არავინაა – EMC

20 დეკემბერი, 2019 • 1777
2018-ში პოლიციელთა მიერ დამცირებასა და წამებაზე 35 გამოძიება დაიწყო, თუმცა ბრალდებული არავინაა – EMC

სამართალდამცავი სისტემის თანამშრომლების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება და დამნაშავეების დასჯა წლების განმავლობაში მართლმსაჯულების სისტემის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც დღეს, 20 დეკემბერს, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC) გამოაქვეყნა.

“სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი შემთხვევების დაუსჯელობამ კანონზომიერი სახე მიიღო, რის გამოც არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად კრიტიკულად აუცილებელი გახდა საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების გატარება, მათ შორის, ინსტიტუციურად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შემოღება”, – განმარტებულია კველვაში.

კვლევის მიხედვით, 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზე გამოძიება 367 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. ამ შემთხვევებიდან 14 საქმე შეეხებოდა წამებას, 21 კი – დამამცირებელ მოპყრობას. ამ ორი ტიპის დანაშაულისთვის ბრალი არცერთი პოლიციელისთვის არ წაუყენებიათ.

2018 წელს პოლიციელების ქმედებებზე დაწყებული 367 სისხლის სამართლის გამოძიებების ფარგლებში ბრალი მხოლოდ 13 პირს წაუყენეს უფლებამოსილების გადამეტებისა და უფელბამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

2019 წლის 9 თვის ანალოგიური მონაცემებით, სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით გამოძიება 237 საქმეზე მიმდინარეობს, საიდანაც წამებას მხოლოდ ერთი საქმე ეხება, დამამცირებელ მოპყრობას კი – 9. 237 საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში კი მხოლოდ 6 პოლიციელია ბრალდებული.

კვლევაში გამოყოფილია სხვადასხვა ტიპის პრობლემური საკითხი, რომელიც საკითხის ანალიზის დროს გამოიკვეთა:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნია სამართალდამცავი პირების მხრიდან ძალის გადამეტების პრევენციის ერთიანი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც პოლიციის კონტროლის ქვეშ მყოფი პირის უფლებებისა და საჭიროებების თაობაზე ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ და პრაქტიკულ საკითხს ერთიანად მოიცავს;
  • საპოლიციო სისტემის თანამშრომელთაგან, მოქალაქესთან კონტაქტის დროს სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილია მხოლოდ საპატრულო პოლიცია, რომელსაც ამ ტექნიკური საშუალების გამოყენების არა ვალდებულება, არამედ უფლებამოსილება აქვს;
  • პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც პოლიციელი მოქალაქესთან ურთიერთობას საკუთარი პირადი მობილური ტელეფონით აღბეჭდავს. ეს პროცედურა არ არის რეგულირებული შსს-ს მხრიდან, რაც იწვევს იმას, რომ პოლიციელის ქმედებას თვითნებური ხასიათი აქვს. ამგვარი პრაქტიკა ქმნის მოპოვებული ვიდეოჩანაწერის/მტკიცებულების განადგურების, უკანონო გავრცელების რისკებს.
  • პოლიციის სარგებლობაში არსებული ავტომობილები, საპოლიციო ორგანოების შიდა და გარე პერიმეტრები, სათანადოდ არ არის აღჭურვილი ვიდეოკამერებით; მაგალითად, პოლიციის დაწესებულებებში მოქალაქესთან კომუნიკაციისთვის განკუთვნილ შიდა სივრცეებში არ არის დამონტაჟებული მეთვალყურეობის ტექნიკური საშუალებები;
  • ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი წესით დაკავებულ პირთა დაკავების ოქმები სრულყოფილად არ ასახავს მოქალაქისადმი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
  • სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, თუკი მოსამართლეს გაუჩნდა ეჭვი, რომ მოქალაქე პოლიციელის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა, ის უფლებამოსილია მოითხოვოს გამოძიების დაწყება. თუმცა ამგვარი უფლებამოსილება მოსამართლეს არ აქვს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის შემთხვევაში.
  • კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სამართალდამცავთა მხრიდან სათანადო დოკუმენტაციის შედგენის ვალდებულებას, მაშინ როცა საქმე ეხება ადმინისტრაციული წესით დაკავებულების კონტაქტს საკუთარი ოჯახის წევრებთან.
  • პოლიციის დაწესებულებაში მიყვანილ დაკავებულთა აღრიცხვის ჟურნალი მოიცავს მონაცემებს მხოლოდ დაკავებულ პირთა საპოლიციო დანაყოფში დაყოვნების დროის, დაზიანებების არსებობის, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის დეტალების თაობაზე, თუმცა არ აღრიცხავს პოლიციის შენობაში სხვა სტატუსით (მაგ. მოწმე, გამოსაკითხი პირი და.ა.შ.) მიყვანილ პირთა მსგავს მონაცემებს;
  • დაკავების შემდგომ პირის პოლიციის დაწესებულებაში გადაყვანის სამართლებრივი საფუძველი ხშირ შემთხვევაში გაუგებარია; არ არის განსაზღვრული დაკავებულის საპოლიციო დაწესებულებაში დაყოვნების მაქსიმალური დრო, რაც, შესაძლოა, პოლიციის კონტროლის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დარღვევის მიზნით იქნას გამოყენებული;
    ხუთწლიანი ინტერვალებით პოლიციის თანამშრომელთა სწავლება და გადამზადება არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნებისთვის საკმარისი არ არის.

კლვევის მიხედვით, ასევე გამოყოფილია რეკომენდაციებიც, რომლებიც მიემართება როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს პარლამენტს:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • სამართალდამცავებისთვის უნდა შემუშავდეს დაკავებისა და დაპატიმრების, იძულების ღონისძიების გამოყენების პროცედურებთან დაკავშირებული ერთიანი სახელმძღვანელო ინსტრუქცია, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი პოლიციელის მოქალაქესთან კონტაქტის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი.
  • არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად უნდა შემუშავდეს ერთიანი ყოვლისმომცველი დაკავების ოქმი, რომელიც დაკავების მომენტიდან პირის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე ყველა გარემოებას აღწერს, მათ შორის, ერთიანად ასახავს დაკავებული პირისთვის უფლებების განმარტების ზუსტ დროს, დაკავებულის დაშავების/დაზიანების ნიშნებს, დაავადების არსებობას, პოლიციის დაწესებულებაში დაყოვნების პერიოდს, ,ოჯახთან/ახლობელთან, ადვოკატთან კომუნიკაციის საკითხებს, დეტალებს, დაკავებულის საკვებით უზრუნველყოფის, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დეტალებს.
  • საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მსგავსად, მოქალაქესთან ურთიერთობაში მყოფი სხვა სამართალდამცავი პირები უნდა აღიჭურვონ სამხრე ვიდეოკამერებით მოქალაქესთან კომუნიკაციის დროს, სამართალდამცავს უნდა დაეკისროს სამხრე ვიდეოკამერის გამოყენების ვალდებულება; სამართლებრივად უნდა განისაზღვროს ამგვარი ტექნიკური საშუალებით მოპოვებული მონაცემების ცენტრალიზებულად გონივრული ვადით შენახვის წესები სამართალდამცავის მოქალაქესთან ურთიერთობის დროს, ობიექტური მიზეზით სამხრე ვიდეოკამერის არარსებობის შემთხვევებისთვის, უნდა შემუშავდეს ალტერნატიული ტექნიკური საშუალების გამოყენებისა და ამ მონაცემთა შენახვის წესი. მკაფიოდ უნდა განისაზღვროს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან პირადი მობილური ტელეფონის სამსახურებრივი მოქმედებების გადასაღებად გამოყენების დაუშვებლობა
  • ვიდეომეთვალყურეობის კამერებით უნდა აღიჭურვოს პოლიციის დაწესებულების ყველა ის სივრცე, სადაც მოქალაქეს შეიყვანენ და მასთან საგამოძიებო/საპოლიციო/ოპერატიული ღონისძიება განხორციელდება. უნდა განისაზღვროს ამ ვიდეოჩანაწერების გონივრული ვადით ცენტრალიზებულად შენახვის წესი. ასევე,ტექნიკური ჩამწერი საშუალებით უნდა აღიჭურვოს ავტომანქანა, რომლითაც დაკავებული პირი გადაჰყავთ;
  • უნდა აღირიცხოს საპოლიციო დანაყოფში ნებისმიერი სტატუსით მიყვანილი პირის შესვლის, გამოსვლის ზუსტი დროები, ჯანმრთელობის მდგომარეობის/დაზიანებების არსებობის, საპოლიციო დაწესებულებაში მისვლის მიზეზის შესახებ ინფორმაცია; ამ ინფორმაციის დოკუმენტირების სისწორეზე, პოლიციელთა თვითნებობის აღკვეთის მიზნით, უნდა დაწესდეს კონტროლის მექანიზმი;
  • უნდა განისაზღვროს პოლიციელთა მრავალმხრივი, რეგულარული და ეფექტიანი ტრენინგები დაპატიმრებისას ან საპოლიციო დაკავებისას ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის თავიდან ასაცილებლად. პოლიციელთათვის ჩატარებული ტრენინგები შინაარსობრივად უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებზე განსაკუთრებულ თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას, რომელთა გამოყენების დროს მოქალაქის მიმართ არასათანადო მოპყრობის რისკი მაღალია. სპეციალური გადამზადების კურსებთან ერთად, პოლიციელებს უნდა ჩაუტარდეთ ინტერპერსონალური კომუნიკაციის, კონფლიქტის არაძალადობრივი მართვისა და სტრესის მართვის ტრენინგები დაკავების, დაპატიმრების, იძულების ღონისძიებების გამოყენების ეტაპებზე;

საქართველოს პარლამენტს 

  • უნდა გატარდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს პასუხისგებაში მიცემულ პირთა/დაკავებულთა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ პროცედურულ გარანტიებს;
    საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება და მოსამართლის მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის გამოძიების დაწყების თაობაზე მიმართვის უფლებამოსილება განისაზღვროს იმ შემთხვევაშიც, თუ მოსამართლეს გაუჩნდება ეჭვი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით უნდა მოწესრიგდეს სამართალდარღვევისთვის დაკავებული პირის ოჯახთან კომუნიკაციის საკითხები და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის ვალდებულება სათანადო დოკუმენტაციის შედგენის თაობაზე;
  • სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, პირის დაკავების კანონიერების შესამოწმებლად, უნდა შევიდეს ცვლილება და შეიქმნას შიდა ან/და ადმინისტრაციული მექანიზმი, რომელიც შეაფასებს პირის დაკავების კანონიერებას პირველი 48 საათის განმავლობაში; ანალოგიური საკანონმდებლო ცვლილება უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის მიმართ, რომლის დაკავების ვადა 12 საათს აღემატება;
  • სისხლისსამართლებრივი თუ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთან მიმართებით, კანონმდებლობით, ძირითად წესად უნდა განისაზღვროს დაუყოვნებლივ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა. საგამონაკლისო შემთხვევებში პოლიციის დაწესებულებაში გადაყვანა უნდა მოხდეს კანონით ზუსტად გაწერილი საფუძვლებით და პოლიციის დაწესებულებაში დაკავებულის დაყოვნების მაქსიმალური დრო უნდა მოწესრიგდეს კანონით;

მასალების გადაბეჭდვის წესი