ახალი ამბები

“განხილვადაც არ ღირს” – უგულავა “ოცნების” ინიციატივაზე

20 დეკემბერი, 2019 • 2010
“განხილვადაც არ ღირს” – უგულავა “ოცნების” ინიციატივაზე

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ეხმიანება „ოცნების“ ახალ ინიციატივას. მმართველი პარტია ამბობს, რომ მათ მიერ შემოთავაზებულ შერეულ საარჩევნო მოდელში პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობა იზრდება. ოღონდ იმ პირობით, თუ 2024-შიც არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება.

„მგონი, მარცხენა ფეხზე ადგა დღეს. ეს შეთავაზება არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ის განხილვადაც არ ღირს. პასუხი არის წადით, იმეცადინეთ, ივარჯიშეთ და რამე აზრიანი მოიტანეთ“, – წერს გიგი უგულავა.

მისივე თქმით, დღეს ივანიშვილი ხაფანგშია იმიტომ, რომ მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, 2020 წლის არჩევნების მერე ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები ტარდება პროპორციული სისტემით.

„შესაბამისად, ხალხს და ოპოზიციას გვიჭირავს ხელში ჯოკერი და ვზივართ ბოლოში. შემოთავაზებული მოდელი, 100/50-ის გარდა, ამ ნორმის ცვლილებასაც გულისხმობს.  ანუ ეს უგვანები მოვიდნენ სისტემით, რომელიც ხუნდაძე-ბერაიასთან შეათანხმეს და გვეუბნებიან, ახლა ჯოკერიც ქვემოდან ამოდეთო“, – წერს უგულავა და „ოცნების“ ინიციატივას იდიოტობად ფასებს.

უგულავას თქმით, მმართველ გუნდს ეშინია, რომ 2020 წლის არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, შემდგომ კი ჩაატარებს პროპორციული წესით არჩევნებს.

„სწორედაც გეშინიათ. ეგრეც მოხდება, ოღონდ ასეთ შემთხვევაში ოცნებისგან ნამსხვრევები დარჩება, როგორც მოქალაქეთა კავშირისგან და აღორძინებისგან დარჩა თავის დროზე. სწორადაც გეშინიათ! განწირულები ხართ! თქვენივე კობახიძის ხაფანგში ხართ.

გამოსავალი პროპორციულ არჩევნებშია, სადაც ოცნება წააგებს, ვერ შექმნის მთავრობას, მაგრამ გააგრძელებს ოპოზიციურ არსებობას. არ გინდათ?! მაშინ გახსოვდეთ, ჯოკერი ჩვენს ხელშია,“ – აღნიშნავს უგულავა.


„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ამბობს, რომ პარტია საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემით ჩატარებას 2024 წელსაც სთავაზობს.

პრესკონფერენციაზე თალაკვაძემ „ოცნების“ ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა. პარტიის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს ისევ შერეულ სისტემას, ოღონდ ამჟამად ამ მოდელში პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატთა რიცხვი იზრდება და 100 პარლამენტარს აღწევს.

თალაკვაძემ დააზუსტა, რომ ამ მოდელს საზოგადოებას სთავაზობენ როგორც 2020-ის, ისე 2024-ის არჩევნებისთვის. დღეს მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ტარდება.

“2020-ში ოპოზიციას შერეული სისტემა 50-მდე შემცირებული მაჟორიტრით შევთავაზეთ” – თალაკვაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი