ახალი ამბები

IDFI: 2014 წელს რიგ საჯარო სამსახურებში პრემიები სახელფასო დანამატებით ჩაანაცვლეს

10 ივნისი, 2015 •
IDFI: 2014 წელს რიგ საჯარო სამსახურებში პრემიები სახელფასო დანამატებით ჩაანაცვლეს

აღნიშნული ინფორმაცია IDFI–ის 2014 წელს საჯარო დაწესებულებებში პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკის კვლევაშია მოცემული.  

 

ამავე კვლევის თანახმად, 2014 წელს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება წინა წლებთან შედარებით უველაზე მაღალი იყო და 1 296 186 185 ლარი შეადგინა. IDFI–ის ცნობით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 109 მილიონით აღემატება სახელმწიფოს მიერ 2013 წლის შრომის ანაზღაურებაზე გაცემულ თანხებს, ხოლო  247 მილიონო ლარით – 2012 წლის მაჩვენებელს. 


ასევე, 2014–ში წინა წელთან შედარებით შტატგარეშე თანამშრომლებზე 37 მლნ ლარით მეტი გაიცა და  127 609 429 ლარი შეადგინა.

 

IDFI წერს, რომ 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, საჯარო სამსახურებში შემცირებულია როგორც სარგოების, ასევე პრემიების ოდენობა, შრომის ანაზღაურების საერთო ზრდა, თუმცა, გაიზარდა სახელმფასო დანამატები და წოდებრივი სარგოები, რამაც, საბოლოდ, შრომის ანაზღაურების საერთო ზრდა გამოიწვია.

 

“მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელთან შედარებით 2014 წელს გაცემულიადაახლოებით 20 მილიონი ლარით ნაკლები პრემია, მკვეთრად იმატა სახელფასო დანამატის გაცემის საერთო ოდენობამ და 2014 წელს აღნიშნული მუხლით საჯარო სამსახურში გაიცა დაახლოებით 57 მილიონი ლარით მეტი დანამატი, ვიდრე 2013 წელს,”– წერს IDFI.

IDFI–ის გრაფიკი
IDFI–ის გრაფიკი

  

IDFI–ის შეფასებით, მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის დადგენილებამ, რომელიც საჯარო სამსახურში პრემიების გაცემის წესს არებულირებს, ვერ შეძლო პრობლემის სრულად მოგვარება და მთელ რიგ დაწესებულებებში პრემიები სახელფასო დანამატებმა ჩაანაცვლა.

 

რაც შეეხება ხალისუფლების მიერ წლის დასაწყისში დეკლარირებულ “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკას, რომლის თანახმადაც, სამინისტროებს ხარჯები უნდა შეემცირებინათ, IDFI-ის ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში 2015 წლის პირველ კვარტალში თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურება გაზრდილია 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

 

“მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამდებობის პირებზე გაცემული შრომის ანაზღაურება 2015 წლის პირველ კვარტალში 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 222 573 ლარით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში – 129 203 ლარით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში – 33 478 ლარით, ხოლო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში – 30 358 ლარით,”– წერია IDFI–ს ანგარიშში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი