ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრო: მცხეთაში იუსტიციის სახლის მშენებლობაზე იუნესკომ უარი თქვა

10 ივნისი, 2015 •
იუსტიციის სამინისტრო: მცხეთაში იუსტიციის სახლის მშენებლობაზე იუნესკომ უარი თქვა

იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, მცხეთის ურბანული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, სახელმწიფომ უნდა გამოაცხადოს მორატორიუმი ნებისმიერი სახის მშენებლობაზე, განსაკუთრებით კი, მცხეთის ისტორიულ ნაწილში.

 

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კულტურული ფასეულობების დაცვისა და აღდგენის მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის (ICCROM), აგრეთვე, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მონიტორინგის მისიამ მდინარე არაგვის ლანდშაფტის ზონაში ახალ მშენებლობებთან დაკავშირებით შემდეგი რეკომენდაციები წარმოადგინა:

 

“დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა სამშენებლო საქმიანობა; გაგრძელდეს არაგვის სანაპირო ზოლზე რეკრეაციული ზონების გაშენება და ტერიტორიის გამწვანება; მდინარე არაგვის გასწვრივ დაგეგმილი ყველა მშენებლობის (მათ შორის, რეკრეაციული ზონების გაშენების) პროექტი წარედგინოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრს შემდგომი განხილვისათვის.”

 

იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის რეკომენდაციის თანახმად, მცხეთაში ახალი იუსტიციის სახლის მშენებლობის განხორციელება მხოლოდ ამის მერე და ამ რეკომენდაციების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

 

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მათ ერთხელ უკვე გაითვალისწინეს იუნესკოს მოთხოვნა და სვეტიცხოველთან ახლოს იუსტიციის სახლის მშენებლობა დააკონსერვეს.

მცხეთა. ფოტო –  mtskheta.org.ge
მცხეთა. ფოტო – mtskheta.org.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი