ახალი ამბები

კონგრესმენები “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, დაპირება შეასრულოს

20 დეკემბერი, 2019 • 2349
კონგრესმენები “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, დაპირება შეასრულოს

ავტორი: ამერიკის ხმა – ანი ჩხიკვაძე


ქართული ოცნების დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. ისინი კონგრესის, ადმინისტრაციის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ხვდებიან. „ქართულ ოცნებას“ შეხვედრებზე ირაკლი კობახიძე, კახა კუჭავა და ირაკლი ბერაია წარმოადგენენ.

შეხვედრების შემდეგ მედიასთან გაკეთებულ განცხადებებში კონგრესმენები ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, საარჩევნო რეფორმის დაპირება შეასრულოს.

„ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში პოლიტიკურ მღელვარებაა. გვსურს, რომ ამ პროცესიდან საქართველო გამოვიდეს თავისუფალი, სამართლიანი და ყველასთვის მისაღები საარჩევნო სისტემით. გვესმის, რომ ამას ძალისხმევა სჭირდება. იმედი გვაქვს, შედეგი პოზიტიური იქნება… მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია მართავს ქვეყანას, ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ვმუშაობთ. ასევე ვმუშაობთ ოპოზიციასთან. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ყველასთან და გვინდა ეს შევინარჩუნოთ. ჩვენთვის ღირებულია არასამთავრობო ორგანიზაციების, NDI-ის და IRI-ის საქმიანობა საქართველოში”, – ამბობს დევიდ პრაისი, დემოკრატი კონგრესმენი.

დელეგაციის წევრები რესპუბლიკელ კონგრესმენ ადამ კინზინგერსაც შეხვდნენ. ცოტა ხნის წინ კინზინგერმა და მისმა დემოკრატმა კოლეგამ ჯერალდ კონოლიმ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართეს, სადაც მას მოუწოდებნენ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წლის არჩევნებისთვის ამოქმედების დაპირება შეასრულოს. ამის შემდეგ კინზინგერი სოციალურ ქსელში კრიტიკის სამიზნე გახდა.

კინზინგერი ამ თავდასხმების პასუხად ამბობს, რომ მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, მსგავსი თავდასხმები უცხო არ არის და წერილში, მიუხედავად ინტერპრეტაციებისა, კონგრესის “საქართველოს მეგობართა ჯგუფმა” სათქმელი ნათლად გამოხატა.

„მე პოლიტიკაში ვარ, ამიტომ მიჩვეული ვარ, რომ ყველა ვერ იქნება კმაყოფილი.  წერილში ნათლად გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება. ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი ინტერპრეტაცია. ჩემი გადმოსახედიდან გეტყვით: მე არ ვირჩევ არცერთ მხარეს. მე უბრალოდ თვალს ვადევნებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მინდა საქართველო იყოს წარმატებული. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ ჩავარდნილი რეფორმებით, რომლებსაც ქართველ ხალხს დაჰპირდნენ, და სხვა მოვლენებით, რომლებზეც გვესმის. ვუყურებ ქართული ახალი ამბების ყველა ვერსიას, უფრო დიდ დროს ვუთმობ, ვიდრე ამერიკულ ახალ ამბებს”, – აცხადებს კინზინგერი.

ის ხაზს უსვამს, რომ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება.

“პასუხისმგებლობა ხელისუფლებაში მყოფ პარტიას აკისრია. ეს ამერიკაშიც და სხვაგანაც ასეა. ვწუხვარ, რომ საარჩევნო რეფორმებს პარლამენტმა ხმა არ მისცა. როცა საქართველოში ვიყავი დამპირდნენ, რომ რეფორმა გავიდოდა… ვფიქრობ, მხარეები უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იპოვონ პრობლემის გადაწვეტის ყველასთვის მისაღები გზა. ის სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოშია, კარგად არ დამთავრდება და ის მხოლოდ გაგრძელდება. ამიტომ ოპოზიციაც და მთავრობაც უნდა დაჯდეს მაგიდასთან და ერთად იპოვონ გამოსავალი. ეს არ იქნება ადვილი. მაგრამ ეს დემოკრატიის ნაწილია”, – ამბობს ადამ კინზინგერი.

კითხვაზე, თუ რამდენად აპირებს ამერიკელი პარტნიორების მოწოდების გათვალისწინებას და ოპოზიციასთან დათმობებზე წასვლას, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მას იმედია, ქართლი ოცნება და ოპოზიცია შეთანხმებას მიაღწევენ.

“დათმობა არ ვიცი, რამდენად სწორი სიტყვაა, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ჩამოვაყალიბოთ ისეთი მოდელი, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის. ვფიქრობ, რომ ამის რესურსი არსებობს და ამისკენ იქნება ჩვენი ძალისხმევა მთლიანად მიმართული. შესაბამისად, პარასკევს ჩვენ ალბათ გვექნება საინტერესო დისკუსია ოპოზიციის წარმომადგენლებთან და იმედია, რომ ეს შედეგებს გამოიღებს“, -განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ამერიკელი პარტნიორების ინტერესია, რომ ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი.

„მათი [ამერიკელების] სურვილია, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება, არ წარიმართოს პროცესები არასწორი მიმართლებით, მაგალითად, მინიშნება იყო იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არცერთი მხრიდან ძალადობა არ უნდა იყოს დაშვებული. ეს არის მოწოდება, როგორც ხელისუფლების მიმართ, ასევე ოპოზიციის მიმართ, რაც ბუნებრივია, არის ამერიკულ ინტერესებში“, – თქვა მან.

კობახიძეს ეთანხმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავაც. კუჭავა აცხადებს, რომ ამერიკელი პარტნიორების მსგავსად მასაც აქვს იმედი, რომ მთავრობა და ოპოზიცია გამოსავალს იპოვის.

„[ამერიკელი პარტნიორების მსგავსად] პირადად მე გამოვთქვამ იგივე წუხილს, ისევე როგორც, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა, იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ მოხერხდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რადგან მე ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს განხორციელდებოდა და 2020 წელს პროპორციული არჩევნები ჩატარდებოდა… საინტერესო პროცესი მიმდინარეობს ახლა, ორი მხარე საუბრობს ერთმანეთთან ახალ მოდელზე თუ გზებზე პროპორციულ სისტემასთან დაახლოებისთვის, იქნება ეს საკონსტიტუციო ცვლილებების გზით, თუ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების გზით. ამიტომ ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს მოლაპარაკებები“, – უთხრა მან „ამერიკის ხმას“.

კონგრესმენებთან ერთად, „ქართული ოცნების“ დელეგაცია სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის IRI-ის, NDI-ის და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ვიზიტი ვაშინგტონში 20 დეკემბერს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი