“ინვესტიციების ასეთი ვარდნა ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო შენელდება, დაიკარგება ათასობით სამუშაო ადგილი, ეროვნული ვალუტის, ლარის სტაბილურობას კვლავ შეექმნება საფრთხე, შემცირდება ოჯახების შემოსავლები, კვლავ პრობლემები შეექმნება სახელმწიფო ბიუჯეტს,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ჯაფარის თქმით, ეს არის “ქართული ოცნების” 2.5-წლიანი მმართველობის და “ივანიშვილის მთავრობის გაუაზრებელი ეკონომიკური პოლიტიკის” შედეგი.
“ასეთი პრობლემების ფონზეც კი, მთავრობა უკვე მე-6 თვეა ვერ ახერხებს პარლამენტში სეკვესტრირებული ბიუჯეტის შემოტანას, რაც ნიშნავს მხოლოდ ერთს – 2015 წლის მეორე ნახევარი იქნება კიდევ უფრო რთული, ვიდრე იყო პირველი ნახევარი,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, რადგან არასტაბილურობის მთავარ ფაქტორად იქცა ლარი, ამიტომაც აუცილებელია ქვეყანაში დაშვებული იქნას თავისუფალი სავალუტო რეჟიმი და პოტენციურ ინვესტორებს მიეცეთ საშუალება საქართველოში აწარმოონ ბიზნესი და დაასაქმონ საქართველოს მოქალაქეები იმ ვალუტაში, რომელიც მათთვის უფრო ხელსაყრელია.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ამის გარდა, მნიშვნელოვანია შემცირდეს მთავრობის ხარჯები, დაიწიოს გადასახადები და გამარტივდეს საგადასახადო ადმინისტრირება. მისივე განცხადებით, “ახალ პოლიტიკურ ცენტრს” უკვე მზად აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გულისხმობს მოგების გადასახადის გაუქმებას და საშემოსავლო გადასახადის 15%-მდე შემცირებას.
“ახალი პოლიტიკური ცენტრი” შექმნეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” წასულმა დეპუტატებმა – ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ.




