ახალი ამბები

რატომ ვერ ამხელენ ბავშვები სქესობრივი ძალადობის ფაქტებს

10 ივნისი, 2015 •
რატომ ვერ ამხელენ ბავშვები სქესობრივი ძალადობის ფაქტებს

2007 წელს UNICEF-ის მიერ საქართველოში ჩატარებული “ბავშვთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევისას” გამოკითხული 1050 ბავშვიდან 177-მა თქვა, რომ მას ზოგჯერ ან მრავალჯერადად განუცდია სქესობრივი შეურაცხყოფა და ძალადობა. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ფსიქოლოგის ნატალია მჭედლიშვილის თქმით, შემთხვევების დიდი ოდენობა სწორედ ამ დამოკიდებულების გამო გამოუვლენელი რჩება.

ნატალია მჭედლიშვილი
ნატალია მჭედლიშვილი

ქალბატონო ნატალია, ხშირად ჰგონიათ, რომ ბავშვებზე სექსუალური ძალადობა მხოლოდ სექსუალურ აქტს გულისხმობს. სხვა რა სახის შეიძლება იყოს სექსუალური ძალადობა და რა ტრავმას აყენებს იგი მსხვერპლს?

 

ბავშვებზე სექსუალური ძალადობა შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც მოიცავს სექსუალურ აქტივობას, ეს შეიძლება იყოს სექსუალური ხასიათის ალერსი, ბავშვისთვის პორნოგრაფიული ფოტოებისა თუ ვიდეოს ჩვენება. ასევე, სექსუალური მეტყველებითა თუ შენიშვნებით მისი დევნა და არა მხოლოდ სექსუალური აქტი.

 

ბავშვობაში განცდილი სექსუალური ძალადობა უდიდეს ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს მსხვერპლს, მას განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვს იმ ბავშვების შემდგომ განვითარებაზე, რომელთა რეაბილიტაციაც შემდგომში ვერ მოხერხდა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს აღენიშნებათ სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები, ქცევითი დარღვევები, შესაძლოა გახდნენ ნარკოტიკის ან ალკოჰოლის მომხმარებლები და ა.შ. მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რომ მოძალადეთა უმრავლესობა თავად იყო ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

 

ვინ შეიძლება იყოს მოძალადე?

 

დავიწყოთ იქიდან, რომ ბავშვზე სექსუალურად, ძირითადად, მასთან დაახლოებული პირები, ბავშვის გარემოცვაში მყოფი ადამიანი ძალადობენ. ეს, შესაძლოა, იყოს ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი ან ოჯახის მეგობარი და ა.შ. უმეტესად, როცა ახლო ადამიანია მოძალადე, ძალადობა უფრო ხანგრძლივად, შესაძლოა, წლების მანძილზე გაგრძელდეს. იშვიათად ხდება, როცა ბავშვზე ძალადობს უცხო ადამიანი, ასეთ შემთხვევაში ძალადობას ერთჯერადი ხასიათი აქვს. ხშირად არის შემთხვევები, როცა მოძალადე ერთი შეხედვით მოძალადის შთაბეჭდილებას არ ტოვებს და ისინი საზოგადოებაში აღიარებული ადამიანები არიან, მაგრამ როცა ბავშვები ამბობენ, რომ მათზე სექსუალურად იძალადეს, როგორც წესი, ეს არ არის ტყუილი.

 

როგორ შეიძლება ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამოცნობა?

 

ეს ბავშვის განვითარებასა და ქცევაზეც აისახება. ასეთ ბავშვებს ხშირად აქვთ ისეთი სექსუალური თემატიკის ინფორმაცია, რაც წესით მათი ასაკის ბავშვებს არ უნდა ჰქონდეთ. თავისუფლად შესაძლებელია ბავშვს გააჩნდეს ჯანსაღი ინტერესი სქესობრივი ცხოვრების მიმართ, მაგრამ გააჩნია ასაკს, 5-6 წლის ბავშვმა არ უნდა იცოდეს, თუ როგორ ხდება სექსუალური აქტი, ისეთ დეტალებს არ უნდა ყვებოდეს, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ მას ეს განცდილი ან ნანახი აქვს. ასეთი ბავშვები ხშირად, აკვიატებულად თამაშობენ სექსუალიზებული ხასიათის თამაშებს, რომელსაც ერთგვარი რიტუალის სახე აქვს. მაგალითად, როცა ბავშვი მარტო რჩება, იღებს თოჯინებს და მათთან სქესობრივ აქტს განასახიერებს. შესაძლოა აშიშვლებდეს მათ და ალაგებდეს დემონსტრაციულად. გარდა ამისა, ხშირია ეგზიბიციონიზმის მომენტები, როცა, მაგალითად, მცირეწლოვანი ბიჭები იხდიან შარვალს და/ან საცვალს, გოგონების შემთხვევაში კაბას და/ან მაისურს სხვა ბავშვების ან ზრდასრული ადამიანების დასანახად. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი შესაძლოა უფრთხოდეს აბაზანაში შესვლას, გაშიშვლებას, შეხებას. მას შესაძლოა დარღვეული ჰქონდეს პირადი სივრცის განცდა, ანუ ძალიან გიახლოვდებოდეთ ან გეხებოდეთ ისეთ ადგილებზე, სადაც არ არის მიღებული შეხება. ბავშვს შეიძლება ეშინოდეს ოთახში მარტო დარჩენა იმ ადამიანთან, ვინც მასზე იძალადა, ან სხვა უფროს ადამიანთან, იმის შიშით, რომ შესაძლოა ისიც მოძალადე აღმოჩნდეს. შესაძლოა მშობელმა შენიშნოს, რომ ბავშვს უეცრად შეეცვალა ხასიათი. მაგალითად, მშვიდი და გაწონასწორებული ბავშვი შესაძლოა უცებ აგრესიული გახდეს, გაუუარესდეს აკადამიური მოსწრება და ა.შ.

 

ფიზიკურ ნიშნებს რაც შეეხება, ეს შეიძლება იყოს ჩალურჯებები სხეულზე, სისხლჩაქცევები და ნაკაწრები, სასქესო ორგანოების ტრავმები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და სხვა სახის დაზიანებები.

 

რატომ ვერ ამხელენ ბავშვები მათზე ამ ტიპის ძალადობის ფაქტებს?

 

მათ ემუქრებიან. შესაძლოა ბავშვი სირცხვილის გამო ვერ აღიარებდეს მასზე ძალადობის ფაქტს და იდანაშაულებდეს საკუთარ თავს – მიაჩნდეს, რომ რახან ეს მას დაემართა, თითქოს ეს მისი ბრალია, თითქოს მან ეს დაიმსახურა. მოძალადეებმა კარგად იციან მსხვერპლის ფსიქოლოგია და ძალიან კარგად იყენებენ მის შიშებს, ისინი დაოსტატებულები არიან ამაში და, სამწუხაროდ, ამიტომაც არის რთული ჯერ ფაქტის გამოვლენა და შემდეგ იმის დადასტურება, რომ ეს ნამდვილად მოხდა.

 

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ან სხვა ადამიანი, როცა ბავშვზე სექსუალური ძალადობის კვალს აღმოაჩენს?

 

უნდა მიმართოს პოლიციას, რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობს. შესაძლოა უფროსმა ბავშვი მოარიდოს მოძალადეს და არ გაახმაუროს ეს შემთხვევა, მაგრამ მოძალადე აუცილებლად იძალადებს სხვა ბავშვზე, სხვა ბავშვი გახდება მსხვერპლი. მნიშვნელოვანია, რომ პოლიციას მიმართონ დაუყოვნებლივ, რადგანაც შესაძლოა დროის გასვლის შემდეგ ფიზიკური მტკიცებულებები გაქრეს მსხვერპლის სხეულიდან.

 

რა თქმა უნდა, აუცილებელია ფსიქოლოგმა იმუშაოს ბავშვთან და ბავშვის ოჯახთან. ოჯახის წევრების ჩართულობა ბავშვის რეაბილიტაციის პროცესში, მნიშვნელოვანია.

 

რამდენად ხშირია საქართველოში, როცა საზოგადოებრივი აზრის გამო მშობელი არ მიმართავს პოლიციას და არ ააშკარავებს მოძალადეს?

 

ძალიან ხშირად ასე ხდება, მშობელი უფრთხილდება ბავშვის სოციალურ სტატუსს, რადგან საზოგადოებაში არსებობს სექსუალური ძალადობის მქონე ბავშვებისადმი გარკვეული სტიგმა. მას შემდეგ, რაც ბავშვის გარემოცვა, სანათესაო, სამეზობლო, სკოლა და ა.შ. იგებს იმის შესახებ, რომ ეს ბავშვი იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, სამწუხაროდ, უფრო ხშირად მსხვერპლის სტიგმატიზაცია ხდება, ვიდრე მოძალადის. მშობელმა უნდა გაიაზროს, რომ ბავშვისთვის მთავარია დაინახოს, რომ ვინც მასზე ძალადობდა, კანონიერი გზით დაისაჯა და მას საფრთხე აღარ ემუქრება.

 

რა შეიძლება გააკეთონ უფროსებმა ბავშვზე სექსუალური ძალადობის პრევენციისთვის?

 

ბავშვზე სექსუალური ძალადობა, როგორც წესი შედარებით უფრო მსუბუქი ფორმით, მაგალითად, სექსუალური შეხება ან ალერსით იწყება. მნიშვნელოვანია, რომ 4-5 წლის ბავშვს ჰქონდეს ინფორმაცია თუ, როგორია სწორი და არასწორი შეხება, სად შეიძლება შეეხონ მას და სად არა. მშობლების ინფორმირებულობას ამ მიმართულებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ამის შემდეგ ისინი უკვე სხვანაირ სიფრთხილეს იჩენენ და ბავშვებიც მეტად დაცულები არიან. ყველაზე მნიშვნელოვანია მშობელმა აუხსნას შვილს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბავშვებს ისეთ ადგილას (სასქესო ორგანოზე, სადაც საცვალი აცვიათ) ეხებიან, სადაც შეხება აკრძალულია (გარდა სისუფთავის დაცვის ან სამედიცინო პროცედურების ჩატარების მიზნით). იმ შემთხვევაში, თუ ვინმე შეეცდება ასე შეეხოს ბავშვს, აუცილებელია მან მშობელს უთხრას ამის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი