ახალი ამბები

“სუიციდის პროპაგანდის შემცველი ყველა წარწერა წაიშლება” – კახა კალაძე

19 დეკემბერი, 2019 • 1616
“სუიციდის პროპაგანდის შემცველი ყველა წარწერა წაიშლება” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სუიციდის პროპაგანდის შემცველი ყველა წარწერა წაიშლება. მისი განმარტებით, არავის მიეცემა სუიციდის პროპაგანდის შესაძლებლობა და უფლება:

“ეს არის ძალიან სახიფათო, ძალიან ცუდი და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პროტესტი. პროტესტი გამოხატონ, არანაირი პრობლემა არ არის, არავინ ხელს არ შეუშლის მათ, მაგრამ ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც სახიფათოა ისევ და ისევ ახალგაზრდებისათვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის. დედაქალაქის მერია იმოქმედებს ისე, როგორც სჭირდება ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამენიმე დღის წინ თბილისში სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სახელმწიფო ინსპექტორმა კი სწორედ მოზარდის გარდაცვალების შემდეგ განაცხადა, რომ გამომიძებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

“მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.

ლუკა სირაძე პოლიციამ გამოკითხვაზე სწორედ ამის შემდეგ დაიბარა. მის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს საია, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა.

ლუკა სირაძის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. შსს-ს ინფორმაციით, უფლებამოსილება უკვე შეუწყდა 2 პოლიციელს. დაკავებულია 1 გამომძიებელი.


სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთ – როგორც ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც სუიციდური აზრების მქონე პირები ან მათი ახლობლები პირდაპირ დაკავშირებას შეძლებენ, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციების გავლაა შესაძლებელი:

  • ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)
  • მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88
  • ბავშვთა დახმარების ხაზი: 11 61 11; 
  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15 05

მასალების გადაბეჭდვის წესი