შეხვედრის მონაწილეებმა და ფრაქცია კონსერვატორებმა მარიხუანის მოხმარების დეკრმინალიზაციის მოთხოვნასთან და ამ კუთხით პარლამენტში დეპუტატ გოგა ხაჩიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტთან დაკავშირებით თავისი ნეგატიური პოზიცია დააფიქსირეს, თუმცა მისი დასრულების შემდეგ ყოფილმა მორაგებემ, ირაკლი აბუსელიძემ, რომელიც ახლა თბილისის საკრებულოს წევრია, ნეტგაზეთს უთხრა, რომ იგი მარიხუანის მოწევის გამო ადამიანების დაპატიმრებას არ ემხრობა.
დეპუტატმა გიორგი ბუკიამ აუდიტორიას იტალიაში, საბერძნეთში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ნორვეგიასა და შვედეთში მარიხუანის მომხმარებლების მიმართ მოქმედი კანონმდებლობა გააცნო. ბუკიას განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მიზანმიმართულად განხორციელდა მარიხუანის დეკრიმინალიზაცია, რათა იქ მცხოვრებ ახალგაზრდებს კარგი ცხოვრების ილუზია შეექმნათ და ვირტუალურად იცხოვრონ ბედნიერ ქვეყანაში.
დღევანდელ ღონისძიებაზე ასევე გააკრიტიკეს 2 ივნისის აქციის მონაწილეები დემონსტრაციაში ბავშვების მონაწილეობის გამო. საკრებულოს წევრმა სოსო მანჯავიძემ გამოთქვა აზრი, რომ მარიხუანის “პროპაგანდა და აგიტაცია”, რასაც მისი თქმით, 2 ივნისის აქიაზე ჰქონდა ადგილი, გარკვეულ სანქციებს უნდა დაექვემდებაროს.
დისკუსიის მონაწილეებს შორის განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა. როგორც ნეტგაზეთს ფრაქციის თანამშრომლებმა უთხრეს, კრიტერიუმები, რითიც მათ სტუმრები მოიწვიეს, თავად ჩამოაყალიბეს და თვითონ გადაწყვიტეს შესაბამისი ადამიანების დაპატიჟება, რადგან ეს მათი ფრაქციის ღონისძიება იყო. ღონისძიებაზე არ მიუწვევიათ მოძრაობა 2 ივნისის წევრები, რომლებიც დეკრიმინალიზაციას ითხოვენ.
#არდაიჭირო! ფრაქციამ “ქართული ოცნება-კონსერვატორები” პარლამენტში მოსმენა/დისკუსია გამართა, რომელსაც საზოგადოების წარმ…
Posted by 2 ივნისი on Tuesday, June 9, 2015