ახალი ამბები

საჯარო სკოლებში დანერგილი უსაფრთხოების სისტემა კერძო სკოლებზეც გავრცელდება

19 დეკემბერი, 2019 • 1547
საჯარო სკოლებში დანერგილი უსაფრთხოების სისტემა კერძო სკოლებზეც გავრცელდება

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საჯარო სკოლებში დანერგილი უსაფრთხოების სისტემა უნდა გავრცელდეს კერძო სკოლებზეც, რაც გულისხმობს მანდატურების გადამზადებას, ფსიქო-სოციალური მომსახურების გაძლიერებას და ასევე იმ სკოლებში, სადაც არ არის მანდატურის სამსახური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადებას. ამის შესახებ ჩხენკელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ მიმართულებით განათლების სამინისტროს პრემიერ-მინისტრისგან დაევალა კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, სამინისტროს მხრიდან კი დაწყებულია კონკრეტულ გეგმაზე მუშაობა. ამისთვის მათ ერთი კვირის ვადა ეძლევათ.

განათლების სამინისტროს მიერ გეგმის შემუშავებას მხარს უჭერს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. მისი თქმით, გეგმაში ხაზგასასმელია ის, რომ კერძო სკოლები უნდა დაექვემდებარონ იმავე ტიპის მოთხოვნებს, რასაც საჯარო სკოლები ექვემდებარებიან:

“ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ფუნდამეტი იმ გეგმისა, რომელიც იქნება წარმოდგენილი… საგანმანათლებლო დაწესებულება რომ არის კერძო, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ ისინი არიან განცალკევებული და განყენებული სამყარო და მათ არ უნდა შეეხოთ თუნდაც მკაცრი, მაგრამ რეგულაციები”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნაკლებად ხედავს თუ არა წულუკიანი სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობას, წულიკიანმა უპასუხა: “ჩვენ ვერ ვიქნებით ვერც გამომძიებლები, ვერც პროკურორები და, მით უმეტეს, ვერც მოსამართლეები… მეც თქვენსავით ვაკვირდები, გაფართოვდება თუ არა წრე გამოსაკითხი ან დასაკითხი პირების”.

მასალების გადაბეჭდვის წესი