ახალი ამბები

წარმომადგენლობითმა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

19 დეკემბერი, 2019 • 2016
წარმომადგენლობითმა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. ეს გადაწყვეტილება ისტორიულია, ვინაიდან ტრამპი მესამე პრეზიდენტია, ვისი უფლებამოსილების შეჩერებასაც პალატა დასთანხმდა.

პალატის შემდეგ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი ქვეყნის სენატმა უნდა გადაწყვიტოს.

BBC წერს, რომ წარმომადგენლობითმა პალატამ კენჭი უყარა ტრამპის წინააღმდეგ წაყენებულ ორ ბრალდებას – რომ მან თავისი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და ის აბრკოლებდა კონგრესს.

კენჭისყრისას აშშ-ის დემოკრატიული პარტიის თითქმის ყველა წევრი დაეთანხმა ამ ბრალდებებს, საპირწონედ, თითქმის, ყველა რესპუბლიკელმა უარყო.

პარალელურად თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ტრამპი „დარწმუნებულია, რომ მას სრულად გაამართლებენ“ სენატში. სენატში ტრამპის რესპუბლიკური პარტია ფლობს უმრავლესობას, რაც ანალიტიკოსებისა და მედიის შეფასებით იმას ნიშნავს, რომ ტრამპის გადაყენება მოსალოდნელი არ არის.


უკვე რამდენიმე დღეა შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის, ანუ თანამდებობიდან გადაყენების პროცესი დაიწყო.

ამის მიზეზი გახდა პრესაში გაჟონილი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც  ტრამპი სატელეფონო საუბარში სთხოვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ჯო ბაიდენის (აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი 2009-17 წლებში, ტრამპის შესაძლო ოპონენტი 2020 წლის არჩევნებში) შვილის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ აღძრული საქმე განეახლებინა, ხოლო თუკი უკრაინის პირველი პირი ამას არ გააკეთებდა, ფინანსური დახმარების შეწყვეტით დაემუქრა.

ვრცლად წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია:

ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტი: რა ხდება, რატომ და როგორ?

მასალების გადაბეჭდვის წესი